ახალი ამბები

სეიმის წევრი ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს

4 აპრილი, 2024 • 2272
სეიმის წევრი ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს

ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდ კოლსი ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს.

ასე გამოეხმაურა რიჰარდ კოლსი ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. მან ოდიშარიას განცხადებას „ამაზრზენი“ უწოდა.

„ბექა ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. უპატივცემულობაა ასე გაგრძელება. საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს“, – წერს რიჰარდ კოლსი X-ზე.

ამასთან ,რიჰარდ კოლსი ეხმაურება „ქართული ოცნების“ ინიციირებულ კანონპროექტს გრანტის მიმღებ ორგანიზაციებზე და ამბობს, რომ ის რუსეთის მოდელით არის შექმნილი.

„საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობის სასარგებლოდ“, – წერს რიჰარდ კოლსი X-ზე.


გუშინ, 3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, ოდიშარიამ დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.

მეორე დღეს კი ბექა ოდიშარია ქალ კოლეგას, სალომე სამადაშვილს დაემუქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი