ახალი ამბები

„ამოგვივა ყელში და მერე ნახავ შენ …“ — ოდიშარია სამადაშვილს დაემუქრა

4 აპრილი, 2024 • 3542
„ამოგვივა ყელში და მერე ნახავ შენ …“ — ოდიშარია სამადაშვილს დაემუქრა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც 3 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და სექსისტური ფრაზებით მოიხსენია, დღეს ქალ კოლეგას, სალომე სამადაშვილს დაემუქრა.

სამადაშვილმა მოითხოვა, ოდიშარიას და კიდევ ერთი დეპუტატს, ვახო მეგრელიშვილს ნარკოლოგიური შემოწმება გაევლოთ.

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ქართველ ქალებს აქ, პარლამენტში, ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა“, — თქვა სამადაშვილმა და დაამატა, რომ დარწმუნებულია, ოდიშარია ნარკოტიკს მოიხმარს, უბრალოდ, უნდა დაზუსტება, რომელს.

საპასუხოდ ბექა ოდიშარიამ სამადაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა კიდეც.

„საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან, აქ რომ ხარ? თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ. შენ აქამდე ვინც ფსიქო მოგცა, იქნებ, სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა? ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევს საერთოდ არც ადამიანის ღირსებას, პარლამენტის წვერის ხომ არ დაგიდევთ და არ დაგიდევთ, ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ.

ეს არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს – როგორც დიპლომატი იყო „წარმატებული“, ასეთი „წარმატებული“ პოლიტიკოსი არის ახლა „ლელოსი“. მაგრამ ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს ამოუვა ყელში და მერე ნახავ, შენ ვინ და … რისი ღირსი არის და როგორ არის მიმართვის ღირსი. მოგვეცით საშუალება, რომ ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ნუ გამოგვიყვანთ საბოლოოდ წყობიდან“ ,— განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გუშინ, 3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, ოდიშარიამ დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი