პოლონეთში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულის ჩადენაში საქართველოს 29 წლის მოქალაქეა ეჭვმიტანილი. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს 29 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ბარსელონიდან ვარშავაში მიმავალი თვითმფრინავის არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კაცს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

29 წლის მამაკაცს, თუ ბრალი დაუდასტურდა, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ნოვოდვორის პოლიციამ მიიღო შეტყობინება ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

“ეკიპაჟის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მგზავრობისას ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. შემდგომი მოქმედებების მსვლელობისას გაირკვა, რომ დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა. დამნაშავე კი საქართველოს 29 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. მამაკაცი დააკავეს.

შეგროვებულმა მტკიცებულებებმა შესაძლებელი გახადა ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენება, რაც გულისხმობდა არასრულწლოვნის მიმართ მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ქმედების იძულებას.

გასულ შაბათს ნოვი დვურ მაზოვიეცკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი პროკურატურის შუამდგომლობა და 29 წლის მამაკაცის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის აღკვეთის ღონისძიება — წინასწარი პატიმრობა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.,