საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა

25 მარტი, 2024 • 1317
„ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა.

დღეს, 25 მარტს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიციირებენ, სადაც „მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველ უმრავლესობას, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო (113 ხმა) არ აქვს.

მდინარაძის თქმით,  მმართველი პარტია ახლო მომავალში ასევე დააინიციირებს უფრო კონკრეტულ ცვლილებებს რამდენიმე ათეულ კანონში, რომელსაც მიმდინარე წელს „გარანტირებულად“ მიიღებენ. კანონში ცვლილებების შეტანას მაქსიმუმ 76 ხმა ესაჭიროება, რაც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ეს შეეხება კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული. მისი თქმით, ამ მუხლს დაემატება მესამე მუხლი, შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

მდინარაძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ 8 პუნქტისგან შედგება:

მუხლი 1.

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ამასთან, მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ პრაიდის ჩატარებაც აიკრძალოს. კერძოდ, მდინარაძეს ჰკითხეს, აიკრძალება თუ არა პრაიდის ჩატარება და ცისარტყელის დროშების გაშლა.

„თუ შეფასდება ისე, რომ ეს არის პოპულარიზაცია, მაშინ კი [აიკრძალება], თუ შეფასდება ისე, რომ არ არის [პოპულარიზაცია], მაშინ – არა… თუ ეს შეფასდება ისე, როგორც პროპაგანდა და რაღაც საკითხების დემონსტრირება პოზიტიურად იმგვარად იქნება წარმოჩენილი, რომ ეს არის ძალიან კარგი [ამ შემთხვევაში აიკრძალება]…

თუ მათი შეკრება ემსახურება უფლებების დაცვას და თავისუფლების გამოხატვას, არც მათი და არც სხვა შეკრება ვერ აიკრძალება. მაგრამ თუ რომელიმე შეკრება, გინდა პრაიდის იყოს და გინდა ნებისმიერს, იმისათვის, რომ პოპულარიზაცია მოახდინონ და გაასაჯაროონ ეს თემა, ამ შემთხვევაში იქნება აკრძალული“, – განაცხადა მდინარაძე.

მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს, ისინი ამ ნორმებს სხვადასხვა კანონში მაინც ასახავენ. კითხვაზე, კონსტიტუციურ ცვლილებებს იმიტომ ხომ არ აინიციირებენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გარეშე კანონებში ცვლილებების შეტანა არაკონსტიტუციური იქნება, მდინარაძე პასუხობს, რომ არაკონსტიტუციურ ცვლილებებს არ მიიღებენ.


არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი