ახალი ამბები

„მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“ – 25 ნოემბერს თბილისში მსვლელობა გაიმართება

17 ნოემბერი, 2022 • 814
„მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“ – 25 ნოემბერს თბილისში მსვლელობა გაიმართება

25 ნოემბერს თბილისში „ქალთა მოძრაობა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მსვლელობას გამართავს. ორგანიზაციის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით გაიმართება.

„ქალთა მოძრაობა და სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ვერთიანდებით ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.

ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მსვლელობის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ  ნამდვილი თანხმობის გარეშე ქალთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი არის გაუპატიურება და ძალადობა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა. მათი თქმით, ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა:

„ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქალთა მოძრაობის“ თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულისგან დაცვა.

მსვლელობა 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი