ახალი ამბები

“გაუგებარია, რატომ არ სურს პარლამენტს, დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისგან” – ქალთა მოძრაობა კანონის ცვლილებას ითხოვს

8 მარტი, 2024 • 1009
“გაუგებარია, რატომ არ სურს პარლამენტს, დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისგან” – ქალთა მოძრაობა კანონის ცვლილებას ითხოვს

“ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. უფრო კონკრეტულად, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გაუპატიურების ის დეფინიცია, რომელიც კანონში წერია, არასწორია – არ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ფაქტობრივად არის გაუპატიურება. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, დამნაშავე დაუსჯელი რჩება.

“დღემდე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გაუპატიურებად ითვლება ისეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიიღწევა ძალის გამოყენებით, იძულებით ან მუქარით. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული განმარტება დაუსჯელს ტოვებს სექსუალური ძალადობის ბევრ შემთხვევას […]

შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე. თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობა უნდა დადასტურდეს კონტექსტისა და გარემოებების გამოძიებით”, – ვკითხულობთ “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ქალთა მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გაუპატიურების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უფლებრივი საკითხია და არ შეიძლება ამ თემით პოლიტიკური მანიპულირება.

“გაუპატიურების მუხლის ცვლილება არის უფლებრივი საკითხი და არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ სურს საქართველოს პარლამენტს, კანონით დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და სპეციალიზაცია, პარლამენტი აჯანჯლებს სქესობრივი დანაშაულების რეფორმის გატარებას და ამით აბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას. დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი მმართველი პარტიისაგან, თუ რატომ არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ამ მძიმე დანაშაულისაგან”, – აცხადებენ მოძრაობის წევრები.

“ქალთა მოძრაობა” და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია მოითხოვენ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების  ძალისხმევით გადამზადდნენ სამართალდამცველები, შეიქმნა სახელმძღვანელოები, არსებობს შესაბამისი კანონპროექტიც. გარდა ამისა, “ქალთა მოძრაობამ” ჩაატარა არაერთი აქცია-პერფორმანსი ამ საკითხის ადვოკატირებისთვის.


ფოტო: Shalika Studio

მასალების გადაბეჭდვის წესი