პარტია “ახალისა” და “გირჩი -მეტი თავისუფლების” ლიდერები საფრთხედ მიიჩნევენ პოლიტიკური გაერთიანებების საბიუჯეტო დაფინანსების წესში არსებულ ჩანაწერს.
მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. დაფინანსების მისაღებად საჭირო ბარიერი 3%-დან 1%-მდე 2020 წლის ივლისში შემცირდა. შესაბამისად, თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 1%-ზე მეტს მიიღებს, ის საბიუჯეტო დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა 5%-იან საარჩევნო ბარიერს და, შესაბამისად, შევა თუ არა პარლამენტში.
როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ საბიუჯეტო დაფინანსების ეს წესი სპეციალურად დატოვა, რომ ოპოზიცია ფრაგმენტირებული დარჩეს. მისი თქმით, ახლა ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, რომ მას საშუალება არ მისცეს, ოპოზიციურად განწყობილი ხმებით დარჩნენ ხელისუფლებაში.
ჯაფარიძის თანახმად, ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნებში, მათ შორის ზემოხსენებული 1%-იანი ბარიერის გადალახვის მოტივაციით, გამოვიდეს რაც შეიძლება ბევრი ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს, საბოლოო ჯამში კი, მის მიერ მიღებული ხმებით ისევ “ქართული ოცნება” იხეირებს. ბარიერგადაულახავი პარტიების მიღებულ ხმებს ის პარტიები გაინაწილებენ პროპორციულად, რომლებიც ბარიერს გადალახავენ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის სამი გზა არსებობს:
- “აიღოს 50%-ზე მეტი, რაც გამორიცხულია, უბრალოდ, შეუძლებელია, რომ მსგავსი შედეგი დადოს მეოთხე ვადაზე”;
- “გაიყვანონ სატელიტი პარტია და მერე იმასთან გააკეთონ კოალიცია, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით მაგის შანსი ნულია, არ ჩანს ეგეთი პარტია. მცდელობა იყო, რომ „ხალხის ძალისგან“ შეექმნათ [ასეთი პარტია], მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავად მოუწიათ, რომ დამსხდარიყვნენ „ხალხის ძალის“ გზავნილებზე და გამხდარიყვნენ ანტიდასავლელები;
- “რჩება ერთადერთი გზა – ოპოზიცია იყოს ფრაგმენტირებული, ბევრმა პატარა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ოპოზიციურად განწყობილი ხმები წაიღოს “ქართულმა ოცნებამ” და ამით შეძლოს უმრავლესობის მოპოვება.
“ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, როცა კანონმდებლობაში დატოვეს ჩანაწერი, რომ 1%-ზე მეტს თუ ვერ აიღებს პარტია, პარლამენტში ვერ შედის, მაგრამ იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. არავის არ დავასახელებ, მაგრამ უკვე გვყავს ველზე ასეთი პოლიტიკური მოთამაშეები, რომელთა ერთადერთი მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილება, არამედ 1%-ის გადალახვა და შემდეგ 4 წელი ბიუჯეტიდან ფულის ჭამაა. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო გამოჩნდება, ვინ თამაშობს ამ თამაშს. ეს სპეციალურად გააკეთეს, რომ ოპოზიციური ველი დატოვონ ფრაგმენტირებული და დარჩნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გამოვლენ და იტყვიან: „ყველა ნაგავია და მე არავისთან არ მინდა“. სინამდვილეში თამაშობს, რადგან თავადაც იცის, რომ 5%-ს ვერ გადალახავს, მაგრამ 4 წელი ფეხი ფეხზე გადაიდებს და ბიუჯეტიდან ექნება საკმაოდ კარგი შემოსავალი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველზე“.
1%-იან მხარდაჭერაზე მიბმულ საბიუჯეტო დაფინანსებაში რისკებს ხედავს პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიაც.
„ქართული ოცნების“ მიერ კანონში შეტანილი ცვლილებები ახალისებს სხვადასხვა სუბიექტს, თუ 1%-ს გადალახავს, 1 მილიონი ლარი ჩაიდოს ჯიბეში. ასეთი პარტიები თუ გამოჩნდებიან, მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვამხილოთ, კარგი გაგებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.