ახალი ამბები

გერმანიის საელჩოს პასუხი შალვა პაპუაშვილს

7 მარტი, 2024 •
გერმანიის საელჩოს პასუხი შალვა პაპუაშვილს

საქართველოში გერმანიის საელჩო პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკას ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შესახებ.

როგორც გერმანიის საელჩო „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი.

„გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, — ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომლებიც ქართულმა მედიამ 6 მარტს გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომიდანაა. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამწუხარო უწოდა გერმანიის პარლამენტში ადეიშვილის მიღებას და იმედი გამოთქვა, რომ გერმანული მხარე განმარტებას გააკეთებს.

მისი თქმით, გერმანიის პარლამენტში ადეიშვილის სტუმრობა აჩვენებს, რომ „არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხის და მისი წუხილების მიმართ“, რაც ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის ციხის კადრების საქმეზე.

საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს და 2015 წელს ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.

ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. ის ექსპერტის სტატუსით მუშაობდა უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ადეიშვილი მონაწილეობს უკრაინის დელეგაციის საერთაშორისო ვიზიტებში. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის მხარეს ახლდა ევროპის საბჭოში, რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე. მაშინ თბილისმა განაცხადა, რომ ექნებოდა „შესაბამისი რეაგირება“.

ამ თემაზე:

„ოცნება“ ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე გერმანიისგან განმარტებას ელის

მასალების გადაბეჭდვის წესი