ახალი ამბები

„ოცნება“ ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე გერმანიისგან განმარტებას ელის

6 მარტი, 2024 • 4506
„ოცნება“ ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე გერმანიისგან განმარტებას ელის

„ქართულ ოცნებას“ სურს გერმანიისგან განმარტების მოსმენა, თუ რატომ უმასპინძლეს საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბუნდესტაგში.

ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ დღეს, 6 მარტს გაავრცელა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტის ამსახველი ფოტოები, რასაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ განცხადებები მოჰყვა.

„იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ამა თუ იმ ევროპული დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში თუ ბრიუსელში — ესეც ძალიან გულდასაწყვეტია“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ზურაბ ადეიშვილი საქართველოში უკვე მსჯავრდადებულია 4 დანაშაულზე და სამ საქმეზე მიდის სასამართლო პროცესი.

„მათ შორის, [ადეიშვილი] მსჯავრდებეულია იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა. მაშინ დავითაშვილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ ამან თავისი გართულებები გამოიწვია“, — თქვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გერმანიის პარლამენტში ადეიშვილის სტუმრობა აჩვენებს, რომ „არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხის და მისი წუხილების მიმართ“, რაც ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში შექმნა წამების სისტემა ციხეებში, ბიზნესის რეკეტის სისტემა და ძალადობის სიმბოლოა, არის გერმანიის პარლამენტში მიღებული სტუმარი, მე იმედი მაქვს, ამაზე განმარტებები იქნება. მე არ ვიცი, ეს ტურისტული მიზნებით იმყოფებოდა თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ასეთივე განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომელიც ქართულმა მედიამ დღეს გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომიდანაა. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ადეიშვილი რომ „ასე ლაღად“ დადის, „ქართული ოცნების“ ბრალია, რომელმაც 12 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო მსჯავრდადებულის ექსტრადიცია.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის ციხის კადრების საქმეზე.

საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს და 2015 წელს ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.

ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. ის ექსპერტის სტატუსით მუშაობდა უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ადეიშვილი მონაწილეობს უკრაინის დელეგაციის საერთაშორისო ვიზიტებში. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის მხარეს ახლდა ევროპის საბჭოში, რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე. მაშინ თბილისმა განაცხადა, რომ ექნებოდა „შესაბამისი რეაგირება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი