ახალი ამბები

ახალგაზრდების უმეტესობა პოლიტიკით არ ინტერესდება — კვლევა

26 სექტემბერი, 2023 • 1951
ახალგაზრდების უმეტესობა პოლიტიკით არ ინტერესდება — კვლევა

საქართველოში ახალგაზრდების დაახლოებთ 38% გარკვეულწილად დაინტესებულია პოლიტიკით, უმეტესობა კი აცხადებს, რომ პოლიტიკით არ ინტერესდება.

ამასთან, რესპონდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ, უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით, ვიდრე საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ახალგაზრდები.

ეს მონაცემები აჩვენა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებულმა ახალგაზრდობის კვლევამ. ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2016 წელს ჩატარდა, განმეორებით კი-  7 წლის შემდეგ.

კვლევამ გამოავლინა შემდეგი მიგნებები:

  • ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად.
  • ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ საკუთარი შემოსავალი აქვთ, 10% კი სოციალურ დახმარებას იღებას. ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს.
  • ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (72%) აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით მეტწილად კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული.
  • 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში.

როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა ადამიანები დემოკრატიას მიიჩნევენ სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა (44%) საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით (33%), სადაც საქართველოში დემოკრატიის დონეს შედარებით ნაკლებ დადებითად აფასებენ, დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა (47%) და სოფლებში (50%).

ფოკუს-ჯგუფების შედეგების თანახმად, ახალგაზრდები დემოკრატიას უფრო მეტად უკავშირებენ პიროვნულ და სიტყვის თავისუფლებას და ხალხის მმართველობას. დემოკრატიის მაგალითებად ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს ასაახელბენ.

კვლევის თანახმად, პოლიტიკის მიმართ დაფიქსირებული აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ინფორმირებულია პოლიტიკური მოვლენების შესახებ. გამოკითხულთა ერთი მესამედი (34%) პოლიტიკურ მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (22%) კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა პოლიტიკურ მოვლენებს. ეთნიკური ქართველები, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები პოლიტიკურ ახალ ამბებს უფრო ხშირად ეცნობიან.

ახალგაზრდების უმრავლესობა (80%) ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ (62%) ან საერთოდ არ (18%) ჩაერთვებოდა.

კვლევის მიხედვით, დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელიც. ახალგაზრდების მინიმუმ 75% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ აქტივობაში (მაგ. მოხალისეობა, შემოწირულობა, პეტიციების ხელმოწერა, დემონსტრაციებში მონაწილეობა, და ა.შ.). ყველაზე ხშირად დასახელდა დასახლების ან მეზობლების წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა (17%).

კვლევის მონაწილეები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას, მზარდ ფასებსა და განათლების საკითხებს ასახელებენ.

კვლევაში ნათქვამია, რომ როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ბოლომდე არ ესმით მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ცნებების არსი. ბევრი ახალგაზრდა ვერ ასახელებს მემარჯვენე და მემარცხენე პოზიციებს .სწორედ გამოკითხვის დროს გამოკითხულთა 34% თავს ცენტრისტად მიიჩნევს, ხოლო 28%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

კვლევის თანახმად:

  • ქართველი ახალგაზრდები ევროპას უმეტესად დადებითად აფასებენ და მხოლოდ უმნიშვნელო წილი აკავშირებს ევროპას ისეთ უარყოფით სენტიმენტებთან, როგორიცაა არაკეთილგანწყობილება (3%), დემორალიზაცია და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა (5%) ან საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება (3%).
  • ყოველი მეხუთე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს უახლოესი მეგობარი ქვეყანა არ ჰყავს. ახალგაზრდები, რომლებიც ასეთ ქვეყანას იხსენებდნენ, ყველაზე ხშირად ასახელებდნენ უკრაინას (28%), აშშ-სა (18%) და თურქეთს (11%), ხოლო რუსეთი აღიქმება ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის (84%), ეროვნული უსაფრთხოებისთვის (78%), ეკონომიკური სისტემისთვის (74%) და ეროვნული ღირებულებებისთვის (72%). ამგვარად უფრო ხშირად ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები ფიქრობენ, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ სისტემას (40%), სახელმწიფოებრიობას (41%), ეროვნულ უსაფრთხოებას (34%), და ღირებულებებს (36%).
  • ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დადებით როლს თამაშობს ევროკავშირი (79%), საერთაშორისო ორგანიზაციები (75%), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (73%) და ნატო (73%). ფოკუსჯგუფის მონაწილეებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ფინანსურ და სხვა უპირატესობებთან ასოცირდება.
  • ახალგაზრდების 63% პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო.

რაც შეეხება იდენტობას, კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა თავს აღიქვამს საქართველოს მოქალაქედ (94%), საკუთარი ქალაქის, სოფლის ან რეგიონის მკვიდრად (77%), საკუთარი ეთნიკური ჯგუფის (62%) და კავკასიის მკვიდრად (59%). უფრო ნაკლებად აღიქვამენ ახალგაზრდები თავს გლობალურ მოქალაქეებად (50%) ან ევროპელებად (41%).

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასოდეს ამართლებს ფიზიკურ (76%) ან სიტყვიერ (69%) აგრესიას ან ძალადობას ქვიარ ადამიანების მიმართ, კვლევის თანახმად, მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითია. უფრო მეტიც, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სექსუალურ უმცირესობებს თავიანთი ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ახალგაზრდა ქალები და თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან: ქვიარ ადამიანების მიმართ ფიზიკურ აგრესიას არასოდეს ამართლებს ქალების 82%, მამაკაცების 71%-თან შედარებით.

სქრინი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევიდან

კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ადამიანების სამ კატეგორიას უარყოფენ, რომელთაც საქართველოში შესვლას აუკრძალავდნენ:

  1. ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები (61%);
  2. ქვიარ ადამიანები (46%);
  3. ადამიანები რუსეთიდან (44%),

მეორე მხრივ, ისინი ყველაზე ტოლერანტულები არიან ადამიანთა ისეთი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა მრავალშვილიანი დედები, ძალიან რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და ლტოლვილები.

სქრინი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევიდან

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილება ყველაზე აქტუალურ საკითხად არ ითვლება.

ფოკუსჯგუფების მონაწილეები ემიგრაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო უწევთ. ემიგრაციის მიზეზად ასევე სახელდება განათლების დაბალი დონე და საქართველოში პიროვნული ზრდისა და სასურველი მიზნების მიღწევის პერსპექტივის ნაკლებობა.

რესპონდენტები მომავალს მეტწილად დადებითად უყურებენ. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (77%) ფიქრობს, რომ მათი ოჯახების ცხოვრების დონე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ამის მიუხედავად, კვლევის თანახმად უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება.

მეთოდოლოგია

საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით.

რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუსჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით. ფოკუსჯგუფები ჩაატარა ორგანიზაცია IPM Research-მა R-Research-ის უშუალო ზედამხედველობით. კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის, სადისკუსიო გეგმა, მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის, დოქტორი ფელიქს კრავაცეკის და R-Research-ის თანამშრომლობის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი