ახალი ამბები

ოხანაშვილი მომავალში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას არ გამორიცხავს

4 მარტი, 2024 • 958
ოხანაშვილი მომავალში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას არ გამორიცხავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, მომავალში დღის წესრიგში დადგეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება.

ამ საკითხზე დისკუსია წამოიჭრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში ინიციირებული ცვლილებები განიხილეს.

ცვლილებების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება და პროკურორის მიერ ჩადენილ, ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზეც გავრცელდება. ამასთან, იზრდება როგორც ორივე სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების საკონკურსო კომისიის მიერ შერჩევის კვორუმი, ისე პარლამენტის მიერ ამ სამსახურების უფროსებისთვის იმუნიტეტის შეჩერების კვორუმი – დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამაზე საუბარი არ ღირს, თუმცა ზოგადი პრობლემაა და შეიძლება მსჯელობა, რამდენად შეიძლება, „კონსტიტუციის გარდა, რამე სხვამ დააწესოს იმუნიტეტი“.

„საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 1/3-ისა. ყველა გამონაკლისი ამავე კონსტიტუციაშია მითითებული. სხვა დანარჩენი საგამონაკლისო ნორმებისთვის კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ ეს საგამონაკლისო ნორმები არ არის, გადაწყვეტილება მიიღება ისე, როგორც ახლა წერია. გვაქვს ეს სხვა კანონმდებლობაში დარღვეული? — გვაქვს. ეს მინდა სამსჯელოდ შემოვიტანო, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რადგან სხვა კანონებსაც შეეხება“, — განაცხადა შარმანაშვილმა.

კანონპროექტის მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ „ესმის ერთგვარი უხერხულობა“ და დასაფიქრებელი საკითხია.

IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა იკითხა, შეიძლება თუ არა  საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება გენერალურ პროკურორზე, შს მინისტრსა და სუს-ის უფროსზე.

ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მას აფიქრებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის პროკურორებზე გავრცელების მიზანშეწონილობაც.

„თქვენ ახსენეთ, რომ რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვსო კონსტიტუციური ლეგიტიმაციაო. ახლა დავსვათ საკითხი, თუ პროკურატურა ზოგადად მაღალი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა, უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე ორგანოში რატომ გვინდა გადავიტანოთ პროკურატურის საგამოძიებო საკითხები? თავის დროზე გამონაკლისი თუ კომპრომისი იყო, როდესაც შეიქმნა ორგანო, რომელმაც საგამოძიებო ფუნქციები შეითავსა — სახელმწიფო ინსპექტორი და შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახური“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და დასძინა, რომ შემდეგ მოჰყვა სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება და „გამონაკლისების ფაზლი“.

„ახლა შემოვიდა პროკურორის გამოძიება და მე მაფიქრებს, რამდენად სწორს ვაკეთებთ? ლეგიტიმურია კითხვა, პროკურორის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში თუ ფუნქციას აძლევ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რატომ არ აძლევ გენერალური პროკურორის შემთხვევაში… როგორც კი აპრობირებული კონსტიტუციური წესრიგიდან ვუშვებთ გამონაკლისებს, ვიწყებთ წრეზე ტრიალს. პრობლემა იმაშია, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არაპირდაპირი გამოსვლით ვქმნით სივრცეებს, რომელიც კანონით დაშვებულია და კონსტიტუციით კითხვის ნიშნებია…“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პროკურორის შემთხვევაშიც არგუმენტი იყო, რომ მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ორგანოს გამოსაძიებელ საქმეს არ უნდა იძიებდეს უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე სამსახური.

„ეს გამონაკლისები დაშვებულია და ახლა მიდის მსჯელობა, კიდევ ხომ არ გავაფართოოთ. ჩემი აზრით, ეს დაშვებაც პრობლემურია. ჩვენ ერთ დღეს, ალბათ, დავდგებით იმის წინაშე, რომ მოგვიწიოს გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს სამსახურები იყო დროებითი და დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს – პროკურატურას. კონსტიტუციური ლოგიკა ამას გვეუბნება, უბრალოდ, ახლა გვაქვს გარკვეული გამონაკლისი. ამ გამონაკლისის კიდევ გაფართოება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ამიტომ პროკურორის დანაშაულის გამოძიების საკითხზეც კიდევ ერთხელ ვიფიქროთ. პანდორას ყუთს ხომ არ ხსნის?“ — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, რომ გარდა წლიური ანგარიშებისა, ნებისმიერ მომენტში შეეძლებათ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიშები.

სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება, საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ამ სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, მის მიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან კონკურსის გარეშე, პირადად შეარჩიოს.

იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები.
იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი – დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

იზრდება პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების კვორუმი – დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის საგამოძიებო ქვემდებარეობა. მის ქვემდებარეობაში იქნებიან ასევე პროკურორებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი