ახალი ამბები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

16 აპრილი, 2024 • 458
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

15 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ინფორმაციას ადასტურებს სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაურიც.

14 დაკავებულიდან 8-ს იცავს არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, 4-ს კი, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. დანარჩენი ორი დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, თეონა ზაქარაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაკავებულთა ნაწილთან მოახერხებს შეხვედრა, ნაწილის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია. ზაქარაშვილის თქმით, დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.

იმავეს ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოთხი პირიდან ერთი, უჩა ქემაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ტყეშელაძე აპირებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტის გამოსაძიებლად.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ჯერჯერობით მათთვის არ მიუმართავს გუშინდელ აქციაზე დაკავებულ არცერთ მოქალაქეს, ან მის წარმომადგენელს.

დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც, რომელიც იმ ორგანიზაციათა ქსელის წევრია, რომლებიც აქციებზე დაკავებულებს უფასო სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობენ. საიას განცხადებით, დაკავებულთა უმრავლესობას ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აპარატის წარმომადგენელი გუშინვე შეხვდა 8 დაკავებულს, დღეს კი, კიდევ 2-ს. ამ 10 ადამიანიდან ერთმა თქვა, რომ პოლიციელებმა მათზე იძალადეს.

სახალხო დამცველის აპარატში “ნეტგაზდეთს” უთხრეს, რომ დაკავებული, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, არის არა უჩა ქემაშვილი, არამედ სხვა ადამიანი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის მინიმუმ 2 ადამიანი საუბრობს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 დაკავებულიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. უწყების ცნობით, იზოლატორში ყველა მათგანი მოინახულა ექიმმა და მათთვის “დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი წერია, თუმცა აღნიშნულია, რომ აქციის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო ერთმა პოლიციელმა.

“2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რათა, ერთი მხრივ, თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი. აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეკრებილ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, შეზღუდვების გარეშე გამოეხატათ პროტესტი, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან ქუჩისა გადაკეტვას კი საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობით ხსნიან.

“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი”, – აცხადებენ უწყებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან ისევ გაიმართება დღეს, 16 აპრილს, 19:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი