ახალი ამბები

აქციებზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

18 აპრილი, 2024 • 785
აქციებზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე.

15, 16 და 17 აპრილს აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მათ საგამოძიებო სამსახურში განცხადებებიც შეიტანეს, თუმცა დღემდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ამის გამო, დღეს, 18 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა, რომელიც აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს, უწყების ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს მიმართა და სთხოვა, საჯაროდ განემარტა, რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული ამ დრომდე.

“საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გახნორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა […]

არსებითად მნიშვნელოვანია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი ნაბიჯების გადადგმით აჩვენოს საზოგადოებას, რომ საპოლიციო ძალების მიერ ღირსების შემლახავი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

უწყებაში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ გამოძიება უკვე დაწიყეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რამდენ ან კონკრეტულად რომელ შემთხვევებზე.

“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით [სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით]. სამსახური მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს. სამსახური მზად არის, მოქალაქეების მომართვის საფუძველზე შეისწავლოს და განიხილოს ყველა საჩივარი”, – აცხადებენ უწყებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე ძალადობის ფაქტის შესწავლაც. ის უწყებაში გამოკითხვაზე ხვალ, 19 აპრილს უნდა მივიდეს.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა”, – განმარტეს საგამოძიებო სამსახურში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი