ნეტგაზეთი | პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები – Netgazeti
RU | GE  

პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც  პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც  პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.

ხმალაძეს კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაწილად 81-ე მუხლი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ერთ თვემდეა გაწელილი, მაშინ, როცა ამ პროცედურისთვის ევროპული კანონმდებლობების მიხედვით, 5-10 დღეც საკმარისია:

”უნდობლობის საკითხის დასმიდან ერთი თვის განმავლობაში უნდობლობას კენჭი არ ეყრება. უნდობლობის საკითხი ისმება მაშინ, როცა ამ საკითხის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის საქმიანობა არ შეესაბამება პარლამენტის განსაზღვრულ ზოგად პოლიტიკას. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ ეძლევა მთავრობას უფლება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში დაუბრკოლებლად იმოქმედოს?”-კითხულობს  ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის  81-ე მუხლის მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის წევრთა 2/5–ის მხარდაჭერის შემთხვევაში დადგება.  უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებული კენჭისყრა ტარდება, უნდობლობის საკითხის აღძვრიდან არაუადრეს ოცდაათი და არაუგვიანეს ოცდათხუთმეტი დღისა.

უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პარლამენტის ნახევარზე  მეტის მხარდაჭერა არ არის საკმარისი მთავრობის გადასაყენებლად. ამ ეტაპზე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გადააყენებს თუ არა მთავრობას.

ამის შემდეგ პარლამენტს მაინც შეუძლია გააგრძელოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, თუ პარლამენტის წევრთა 60%-მა ახალ პრემიერ-მინისტრს უყარა კენჭი, რაც ძველი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ტოლფასი ხდება.

ახალი პრემიერის არჩევას და ძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას მხოლოდ პარლამენტი წყვეტს.  60%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.

ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოდელით პარლამენტის  მთავრობაზე კონტროლი არაეფექტურია:

”უნდობლობის გამოცხადებისთვის, 60% უმრავლესობის საჭიროება ქმნის იმ პრობლემას, რომ მთავრობის შემქმნელ 51% საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია გადააყენოს მის მიერვე შექმნილი მთავრობა… მთავრობა გამოვა საპარლამენტო კონტროლიდან, თუ კი მის გადასაყენებლად საჭირო უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში არ იქნება.”

კონსტიტუციონალისტს თავისი ვარაუდის არგუმენტად დასავლური სახელმწიფოები მოჰყავს, სადაც მრავალპარტიულ პარლამენტში უმრავლესობა 51-52% უმრავლესობით იქმნება, რაც ქართული კანონმდებლობით, მთავრობის გადასაყენებლად საკმარისი არ არის.

მუხლი 81(1) -ის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ ნორმას ხმალაძე მთავრობის მიერ პარლამენტის დათხოვნის პროვოცირებად მიიჩნევს:

”ამან შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება. თუ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, თავისუფლად შეძლებენ პარლამენტისთვის ანგარიშსწორებას… ეს იწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან მთავრობა და პარლამენტი ებმება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. კრიზისი შესაძლოა დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდეს (ზღვრულ ვადებს ვგულისხმობ).”

ვენეციის კომისიას, რომელმაც 2010 წლის 11 მაისს არსებულ საბაზისო კანონპროექტზე  რეკომენდაციები დაწერა, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, აირჩიოს ერთ-ერთი პრემიერის თანამდებობაზე  ახალი  კანდიდატურის წამოყენებასა  და პარლამენტის დათხოვნას შორის, დაუსაბუთებლად ეჩვენება. ”კონსტიტუცია საკმაოდ დიდ დროს უტოვებს პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებისათვის (უნდობლობის გამოცხადებისას) და წარმოშობს „ნეგატიური ეფექტის“ შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის გამოცხადება და ახალი კანდიდატურის წამოყენება მხარდაჭერილია პარლამენტის სავალდებულო უმრავლესობის მიერ, პრეზიდენტი უფლებამოსილია,  აარჩიოს კანდიდატის დასახელებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის ერთ-ერთი… დასაბუთება არასაკმარისად ნათელია.”

2010 წლის 19 ივლისის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ეს ნორმა შენარჩუნებული დარჩა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ, თსუს დოქტორანტ ზურაბ ჯიბღაშვილს მიაჩნია, რომ მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით, მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, თუმცა ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის არასაკმარისია:

”აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა ორ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტსა და მთავრობას – შორის კონფლიქტურია. ეს უფრო ეკლექტიკური ნაზავის სახეს იღებს, ვიდრე ჰარმონიული ურთიერთობებისა, რაც წარმოშობს კიდეც კონფლიქტებს.”

პარლამენტი, გარკვეულწილად, კონსტიტუციური ბარიერებითაა შეზღუდული, რაც კრიზისს განაპირობებს, ვარაუდობს ჯიბღაშვილი:

”როდესაც პარლამენტს არ აძლევ თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, როდესაც ბარიერებს უდგენ, მას ეს აფრთხობს… მეორე მხრივ, თუ პარლამენტი უნარიანია გააკეთოს რაღაც და ამაში ხელს უშლი, რა თქმა უნდა, მას წინააღმდეგობის უნარიც ექნება.”     

ზურაბ ჯიბღაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული. თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობისა და პრეზიდენტის სახით, განსხვავებულ პოზიციებზე იქნებიან, მაშინ მათი საქმიანობა სტაბილური ვერ იქნება.

ამჟამად კონსტიტუციის კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი. ერთი თვის განმავლობაში საჯარო განხილვები გაიმართება, სექტემბრის თვეში კი პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი 2011 წელს ამოქმედდება. ის ნაწილი კი,  რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ეხება – 2013 წლიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი