სამართალი

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

15 დეკემბერი, 2021 • 3102
ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მიმდინარე დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქმეს, რომლის ფარგლებშიც პროკურატურა ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრებას ედავება.

სამივე მათგანი უარყოფს ბრალდებას და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

“ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას, კონკრეტულად რას ედავებიან ხსენებულ პირებს, რას ამბობს ამ საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი და შეგვიძლია თუ არა, ფულის გათეთრება ვუწოდოთ იმას, რაზეც პროკურატურა საუბრობს.

რის გამო ედავებიან ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს?

TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება. გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს.

დავის საგანს  10 წლით ადრე განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები წარმოადგენს.  მაშინ, როცა ტრანზაქციები განხორციელდა, ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ჯაფარიძე კი — მისი მოადგილე.

ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ — „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი, ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, “თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით” TBC-დან აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხა იმავე დღეს უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 

შესაბამისად, პროკურატურის თქმით, წერეთლის კომპანიებმა სესხის მიზნობრიობაზე ყალბი ინფორმაცია წარმოადგინეს და თანხა, რომელიც თითქოსდა თავიანთი საბრუნავი სახსრების შესავსებად სჭირდებოდათ, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ჩაურიცხეს.

ბრალდების მხარის თქმით, სესხის გადახდის ბოლო ვადად TBC ბანკმა მსესხებელ კომპანიებს 2008 წლის 21 ოქტომბერი განუსაზღვრა, შემდეგ — 1 წლით გაუხანგრძლივა, 2008 წლის 31 დეკემბერს კი ბანკმა აღნიშნული სესხები “სრულიად უსაფუძვლოდ” შეიყვანა უიმედო ვალების ნუსხაში და ჩამოწერა.

ამგვარად, ბრალდების მხარის თანახმად, ხაზარაძე-ჯაფარიძემ, წერეთელთან ერთად, მათ მიერვე დაფუძნებული ბანკიდან დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ მიისაკუთრეს, ფულის წარმოშობის წყაროს, მისი რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით კი, უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია განიზრახეს.

სწორედ უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაციის, ანუ გათეთრების მცდელობად მიიჩნევს ბრალდების მხარე წერეთლის კომპანიებისგან ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე თანხის გადარიცხვას. პროკურატურის მტკიცებით, შემდგომი ტრანზაქციები ფიქციური ხასიათის იყო.

ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მცირე ხნის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით ბრალი ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა.

რას ამბობენ ბრალდებულები?

ფაქტს, რომ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა TBC ბანკისგან 17-მილიონიანი სესხი აიღეს, ხაზარაძე-ჯაფარიძე ადასტურებენ.

ორივე მათგანი ადასტურებს იმასაც, რომ ამ ოდენობის თანხა იმავე პერიოდში ისესხეს წერეთლისგან,როგორც კერძო პირებმა. თუმცა TBC -ის დამფუძნებლები ცალსახად გამორიცხავენ ფულის გათეთრების მცდელობას.

ხაზარაძის თანახმად, წერეთლისგან ნასესხები ფული ბანკის კაპიტალში შეიტანეს, ვინაიდან 2007-2008 წლებში TBC გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა.

მისი თანახმად, პროცესი შემდეგნაირად წარიმართა:

2007 წელს TBC საქართველოში “ყველაზე დიდი ბანკი იყო”. ეს ის წელია, როცა საქართველოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და “TBC ბანკმა კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა დაარღვია”.

ხაზარაძის განმარტებით, “კაპიტალის ადეკვატურობის ნორმის დარღვევა” იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებლის მიერ დაწესებულ პარამეტრებში ვერ ჯდები და მეტი საწესდებო კაპიტალი გჭირდება იმისათვის, რომ კრედიტები გასცე.

მამუკა ხაზარაძე 

თუმცა, მისი განმარტებით, ბანკს კაპიტალის მოსაძიებლად 3-6-თვიანი ვადა არ მიეცა, როგორც ეს “ნორმალურ ქვეყნებში”  ხდება. ამ ფონზე, ხაზარაძის თქმით, ბანკს პრობლემები შეექმნა, ზრდა შეაჩერა და თითქმის შეწყვიტა ფუნქციონირება.

“დავინახეთ, რომ ვკარგავთ პოზიციებს, გამოვდივართ ბიზნესიდან. ამის მერე ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძიება, რომელიც ბანკში ინვესტიციას განახორციელებდა”, — დასძინა მან.

იმისათვის, რომ ბანკის კაპიტალი გაეზარდათ, ხაზარაძის თანახმად, დაიქირავეს ავტორიტეტული საკონსულტაციო ჯგუფი და ინვესტორის მოძიება მათ სთხოვეს. ჯგუფმა მათ 2 ევროპული ბანკი შესთავაზა — უნგრული “ოტეპე ბანკი” და ირლანდიის “ალიანს ბანკი”.

ხელშეკრულება ირლანდიურ ბანკთან გაფორმდა. მან გამოთქვა მზაობა, 80 მილიონი აშშ დოლარი გამოეყო TBC-სთვის, თუმცა ხაზარაძის თქმით, ირლანდიელები ამ ნაბიჯზე თავიანთი პირობებით მოდიოდნენ:

ეს თანხა თავდაპირველად TBC-ის დამფუძნებლებს უნდა ეშოვათ, მათ მიერ მოძიებულ კაპიტალს კი შემდგომ “ალიანს ბანკი” გადააფინანსებდა.

ხაზარაძის განმარტებით, დამფუძნებლების მიზანი 80 მილიონი აშშ დოლარის მოძიება იყო, საიდანაც 60 იშოვეს, 20 კი — რომელიც აკლდებოდათ, ბიზნესპარტნიორებისგან, მათ შორის, ავთანდილ წერეთლისგან ისესხეს.

შესაბამისად, TBC-ის დამფუძნებლები პროკურატურის მიერ ნახსენები ტრანზაქციების განხორციელებას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბანკის კაპიტალის გაზრდის მცდელობის ფარგლებში მოხდა და ფული კანონის საწინააღმდეგოდ არ მიუსაკუთრებიათ.

ავთანდილ წერეთელი

TBC-ის დამფუძნებელთა თანახმად, ის ფაქტი, რომ წერეთლის მიერ მათთვის გადარიცხული ფული მანამდე TBC-სგან იყო ნასესხები, არ იცოდნენ. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს.

ხაზარაძე ასევე აცხადებს, რომ წერეთლის კომპანიებს TBC-ში 35 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი ჰქონდა გახსნილი, ანუ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ამ ფარგლებში სესხის აღება.

თავად წერეთელიც ადასტურებს, რომ თავდაპირველად ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის არ გაუზიარებია დეტალები თანხის წარმომავლობაზე. ის ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა. როგორც ამბობს, ბანკიდან აღებული კრედიტი მის განკარგულებაში იყო, შესაბამისად, ვისაც სურდა, იმას მისცემდა.

რაც შეეხება წერეთლის კომპანიებისთვის ზემოხსენებული სესხის ჩამოწერას: ხაზარაძე-ჯაფარიძე ამბობენ, რომ აღნიშნული 17 მილიონი მსესხებელ კომპანიებს 2008 წლის აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის თანმდევი პრობლემების ფონზე, უიმედო ვალების ანულირების ფარგლებში ჩამოეწერათ და წერეთელი არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს შეეხო. TBC-ის დამფუძნებელთა თქმით, იმ პერიოდში ბანკმა, ჯამში, 200 მილიონის ოდენობის უიმედო ვალები ჩამოწერა. მათი პოზიციაა, რომ ომმა და კრიზისმა, რომლებსაც ისინი სესხის აღების მომენტში ვერ იწინასწარმეტყველებდნენ რომ მოხდებოდა, ფორსმაჟორის მდგომარეობა შექმნა, რაც ფინანსურ ურთიერთობებში კონტრაქტების გადახედვის წინაპირობაა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ომისა და ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ, რასაც პროკურატურამ ყურადღება არ მიაქცია.

“ოდნავ მაინც სინდისი რომ ჰქონდეს მას, ვინც ეს საქმე წამოიწყო, ხომ უნდა დაინტერესებულიყო, რომ ჩვენ ამ სესხის აღების შედეგად სარგებელი მივიღეთ თუ დავზარალდით?! რა მოხდა სინმადვილეში: რუსეთის არმიის შემოჭრისა და იმ უბედურების გამო, რომელშიც აღმოვჩნდით, ამ და სხვა სესხების გაპრობლემების გამო ჩემი და მამუკას ქონება 2/3-ით შემცირდა”.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა ის სესხი, რომლის გამოც მათ დღეს პროკურატურა ედავება, წერეთლისგან მხოლოდ 6-თვიანი ვადით აიღეს, რაც თავშივე გამორიცხავს ჩაანაფიქრს, რომ ისინი მის მითვისებას აპირებდნენ.

“სესხი გაქვთ?! მეც მაქვს გრძელვადიანი სესხი, შენც გაქვს გრძელვადიანი სესხი… რა გაუჭირდათ ბადრის და მამუკას, რომ თუ ამ ფულის “მოყუჩება” უნდოდათ, გრძელვადიანი სესხი გაეკეთებინათ?! და დღესაც დაუფარავი იქნებოდა. 6-თვიანი სესხი რატომ გააკეთეს, რომ გამოჩენილიყო, ვერ ფარავდნენ?! თუ გადამალვა უნდოდათ, 15 და 20-წლიანი სესხი რატომ არ გააკეთეს და დღეს კიდევ გადახდის რეჟიმში იქნებოდნენ. ეს კითხვა ხომ არსებობს?”, – განაცხადა კორძაძემ მთავარი არხის ეთერში.

ადვოკატის თქმით, მანამდე, 2007 წელს, ზუსტად თიბისიდან გამოტანილი თანხა ავთანდილ წერეთელს მისესხებული აქვს ხაზარაძე/ჯაფარაძისთვის. ეს სესხი თიბისის დამფუძნებლებს გასტუმრებული აქვთ.

“იმაზე არ ედავებიან. ეს ორი ტრანზაქცია ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ ერთი ისესხა და გაისტუმრა, მეორე ისესხა და ვერ გაისტუმრა იმის გამო, რომ მოხდა ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ამის გამო ფული გაათეთრეთო…”.

რა არის ფულის გათეთრება ქართული კანონით?

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ. აღნიშნული მუხლი შემდეგნაირად ფორმულირდება:

მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) 1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა…

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; … ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. იგივე ქმედება: …. გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” დავალებით ხსენებულ საქმეზე ანგარიში მოამზადა, ასე განმარტავს ფულის გათეთრების მუხლს:

“მარტივად რომ ვთქვათ, 194-ე მუხლი მიმართულია იმ ქმედებების კრიმინალიზაციისკენ, რომლის მეშვეობითაც უკანონოდ მოპოვებული ფულის ან ქონების („ჭუჭყიანი ფული“) ლეგალიზაცია („ფულის გათეთრება“) ხდება კანონიერ („სუფთა“) ფულად”.

ის, რაზეც პროკურატურა დავობს, ფულის გათეთრებაა?

თავად პროკურატურა ფიქრობს, რომ — კი, თუმცა სხვა პოზიცია აქვს როგორც დაცვის მხარეს, ისე საერთაშორისო ექსპერტს, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” საქმის საკვლევად ღია კონკურსით შეარჩია.

კვლევის მიზანი იყო პასუხის გაცემა კითხვაზე: ზემოაღნიშნულ პირთა ქმედებები, პროკურატურის მიერ მათი დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ფულის გათეთრებად?

კონკურსის შედეგად შერჩეულმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა პოლინ დევიდმა, რომელსაც 30-წლიანი გამოცდილება აქვს, ანგარიშზე მუშაობისას იხელმძღვანელა როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ისე საქართველოს კანონმდებლობით.

დასკვნის თანახმად, ფულის გათეთრება ვერც ერთ შემთხვევაში მტკიცდება, ვინაიდან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:

  •  სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
  • თანხის „უკანონო  წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
  • მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

ექსპერტის პოზიციაა, რომ ბრალდებულების ქმედებები, რომელთაც პროკურატურა ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ პრედიკატული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს.

პოლინ დევიდი

პრედიკატული დანაშაული ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულია და ფულის გათეთრებისაგან განსხვავდება.

“ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შესაძლოა დადგენილიყო ქონების უკანონო მისაკუთრების ფაქტი, თუმცა მათ საფუძველზე ვერ დგინდება ფულის გათეთრების ჩადენა.

იმ შემთხვევაშიც კი, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა ფაქტი ბრალდების მხარის სასარგებლოდ რომ ცნოს, ეს ფაქტები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას”, — აღნიშნავს პოლინ დევიდი.

ბრალდების მხარემ თავდაპირველად სწორედ პრედიკატული დანაშაულის არსებობის ფაქტი უნდა დაამტკიცოს.

“პროკურატურის პოზიციის თანახმად, როდესაც სესხის თანხა TBC ბანკიდან გადაირიცხა და სამგორის ანგარიშებზე „განთავსდა“, ამით პრედიკატული დანაშაული იქნა ჩადენილი.

პრედიკატული დანაშაული სისხლის სამართლის სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად უნდა დამტკიცდეს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ვერც ერთ პირს ვერ უმტკიცდება 16 664 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის უკანონოდ დაუფლების ფაქტი”, — დასძენს ექსპერტი.

პოლინ დევიდი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული პრედიკატული დანაშაულის დასამტკიცებლად ეყრდნობა იმავე ქმედებას, რომელსაც ფულის გათეთრების დანაშაულის დასამტკიცებლად უთითებენ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა

მისი ხედვით, საქმეში წარდგენილი ბრალდება მიზნად ისახავს ისეთი ქმედებების განცალკევებას, რომლებიც არსებითად ერთი და იგივეა:

“ბრალდების მხარე ამას იმის მტკიცებით ცდილობს, რომ პრედიკატული დანაშაული დასრულდა სამგორის ანგარიშებზე ფულის „განთავსებისას“, ხოლო ყველა შემდგომი ქმედება ფულის გათეთრების ტოლფასი ქმედებაა”.

ექსპერტი ამ მტკიცებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ის ქმედებები, რომლებიც „სამგორის“ ანგარიშებზე ფულადი სახსრების მიღების შემდეგ განხორციელდა, არა ფულის გათეთრებას, არამედ ფულის გამოყენებას უკავშირდება.

“მათ[ხაზარაძე-ჯაფარიძეს] არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, რათა უკანონოდ მიღებული ფულის „ლეგალიზება“ ალოგიკური ტრანსაქციების განხორციელების გზით მოეხდინათ.

გარდა ამისა, ადგილი არ ჰქონია ფულის ისევ კანონიერ ეკონომიკაში ინტეგრაციას. ასევე, „ლეგალიზების“ გზით არ მომხდარა ფულის გადატანა ისევ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჯიბეში ან ფარულად რომელიმე სხვა პირთან”.

ხანდაზმულობის ვადა

“არსებითად, ბრალდება ორი დანაშაულისათვის მიმდინარეობს, რომელთაგან პირველი ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულია, ხოლო მეორე – ფულის გათეთრება.

ბრალდების მხარე ხელოვნურად ყოფს ქმედებებს, რომლებიც მხოლოდ ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს.

ფულის გათეთრება კი ცალკე აღებული დანაშაულია, რომელიც მისგან დამოუკიდებელ ქმედებას წარმოადგენს”, — დასძენს ექსპერტი.

რატომ უნდა სურდეს პროკურატურას, რომ კონკრეტულ პირებს ფულის გათეთრების მუხლით შეედავოს და არა ქონების უკანონოდ დაუფლების მუხლით?

საქმე ის არის, რომ პრედიკატულ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა აქვს და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის შემთხვევაში, ეს ვადა უკვე გასულია.

შესაბამისად, ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.

TBC ბანკი

ვითარება სხვაგვარია ფულის გათეთრების შემთხვევაში: სიმძიმიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 25 წელია. თუ ექსპერტის მსჯელობას მივყვებით, პროკურატურას, შესაძლოა, სწორედ ამის გამო სურდეს ფულის გათეთრების მუხლის გამოყენება.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ  ფართოდაა დაგმობილი პრაქტიკა, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ფულის გათეთრების ნორმების გამოყენებით მაშინ, როდესაც მტკიცებულებები, რომლებსაც გამოძიება ეყრდნობა, მხოლოდ პრედიკატულ დანაშაულზე და ამ დანაშაულის შედეგად მოპოვებული ქონების გამოყენებაზე მიუთითებს.

“საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა. არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ  იღებს გადაწყვეტილებას”, — დასძენს პოლინ დევიდი.

პოლიტიკური მოტივი

TBC-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 5 თვის შემდეგ, 2019 წლის იანვარში გახდა.

იმავე პერიოდში, ანონიმურმა ფეისბუკ-გვერდებმა, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციონერი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მუშაობდნენ, ხაზარაძის დისკრედიტირებას მიჰყვეს ხელი დასპონსორებული პოსტებით.

მომდევნო პერიოდში, ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და სახელმწიფოს შორის სულ უფრო იძაბებოდა და განსაკუთრებით გამწვავდა იმავე წლის თებერვალში, როცა, ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ორივე მათგანმა დატოვა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული თანამდებობები.

გადადგომის შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის წინაშე წარდგნენ. ხაზარაძემ სწორედ იქ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მუქარის წერილი მიიღო.

გიორგი გახარია 

წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, გახარიამ მას შუამავლის ხელით გაუგზავნა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ.

“არტარეა”, რომელიც ხელოვნებასა და კულტურას აშუქებს, TBC ბანკის პროექტია, ხელისუფლებისადმი კრიტიკული “ტვ პირველის” დამფუძნებელი კი ვატო წერეთელია — ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობრისა და საქმის ფიგურანტის, ავთანდილ წერეთლის ვაჟი. გახარიამ ხაზარაძის ბრალდება უარყო.

შესაძლო პოლიტიკური მოტივის კონტექსტში “ტვ პირველის” ფაქტორზე, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს,  კიდევ ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემაც ისაუბრა.

ჯაფარიძის მტკიცებით, 2019 წლის გაზაფხულზე ივანიშვილმა თავისი გარემოცვის წევრებს “გაღიზიანებულმა” უთხრა:

“ესენი [ხაზარაძე-ჯაფარიძე] აფინანსებენ ტვ პირველს”.

ბადრი ჯაფარიძე 

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ “ტვ პირველზე” კრიტიკული სიუჟეტების გასვლის შემდეგ “ეს ადამიანები”[იგულისხმებიან პირები, რომელთაც, ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილი ესაუბრა] უკავშირდებიან და ცდილობენ მას დააკისრონ პასუხისმგებლობა ხსენებულ სიუჟეტებზე.

“[ეს ადამიანები არიან] ივანიშვილთან დაახლოებული წრიდან, რომლებთანაც კომუნიკაცია ხშირი არ მაქვს, მქონდა ადრე. მაგრამ, მაგალითად, ნოდარ მელაძის სიუჟეტის შემდგომ მივიღე მათგან შეტყობინება ისე, რომ თითქოს მე შევუკვეთე ნოდარ მელაძეს ეს სიუჟეტი”, — დასძინა მან.

ბადრი ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ივანიშვილის გაღიზიანებაზე. მას არც ის უთქვამს, ვინ ურეკავს “ტვ პირველზე” გასული კრიტიკული სიუჟეტების შემდეგ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბანკის დამფუძნებლები საუბრობენ, ანაკლიის პორტს უკავშირდება. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელიც ამჟამად გაჩერებული პროექტის განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი, სწორედ მამუკა ხაზარაძის დაფუძნებულია.

ხაზარაძემ 2019 წელსვე გამოთქვა ეჭვი, რომ გამოძიება დაიწყო, რათა ის ანაკლიის პორტის — სტრატეგიული მნიშვნელობის პოტენციალის მქონე ობიექტის – პროექტიდან ჩამოეშორებინათ.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებისას პროექტს საფუძველს უყრიან გიორგი კვირიკაშვილი[იმხანად პრემიერ-მინისტრი] და მამუკა ხაზარაძე. 24.12.2017 წელი.

ეჭვს იწვევს სხვა გარემოებაც: 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხაზარაძემ ისაუბრა თავის გეგმებზე საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მაშინ პარტია “ლელო” ჯერ არ არსებობდა.

ამ განცხადებიდან 2 კვირის შემდეგ, პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე ამჟამად ჩამოშორებული არიან TBC ბანკის საქმიანობას. ზემოხსენებული მოვლენების შემდეგ, 2019 წლის სექტემბერში, მათ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააფუძნეს, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ პარტიად იქცა.

როგორც მათ, ისე ავთანდილ წერეთელმა, 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს. ის ფიქრობს, რომ საქმეზე განაჩენი  წინასწარაა გამოტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი