საზოგადოება

რა თქვა ვენეციის კომისიამ და რას (არ) გაითვალისწინებს „ოცნება“

20 დეკემბერი, 2023 • 1246
რა თქვა ვენეციის კომისიამ და რას (არ) გაითვალისწინებს „ოცნება“

კანდიდატის სტატუსის მოლოდინში „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის რეკომენდაციებთან დაახლოება დააანონსა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს გადაუგზავნა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მათი მოსაზრების გათვალისწინების მზაობა აღარ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო ორ წელში რამდენიმეჯერ შეცვალა. შედეგად, ცესკოს დაკომპლექტება სრულიად შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ერთი შტოს (უფრო მეტიც, ერთი პარტიის) მიერ და პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. საკითხი პრეზიდენტს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ პარლამენტი კანდიდატებს უბრალო უმრავლესობითაც (76 ხმა) ვერ აირჩევს.

პარლამენტში ბოლოს ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ამავე პროექტით, ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ, ივნისში, მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულმა 2/3-ის პრინციპმა პრაქტიკაში არ იმუშავა და საჭირო გახდა ჩიხის დამზღვევი მექანიზმების შემოღება, ხოლო პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, როდესაც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. საბოლოოდ, „ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს გადააბარა.

ვენეციის კომისია ODIHR-თან ერთად მომზადებულ ახალ დასკვნაში ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოქმედი ცვლილებები, რომელიც ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმისკენ.

ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციებია:

  • ცვლილებების პროექტის შეცვლა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-ის მოთხოვნას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას მიმართავდეს;
  • ჩიხ9ს საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპს შორის დროის გახანგრძლივება;
    უპარტიო წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების გადაცემა პარლამენტის სპიკერიდან საქართველოს პრეზიდენტზე;
  • ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება;
  • პროექტიდან ამოღებულ იქნეს დებულება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა;
  • ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის სპიკერისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების მოთხოვნა;
  • ცვლილებების პროექტის შეცვლა ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ჩიხების საწინააღმდეგო მექანიზმის საფუძველზე დანიშვნები დროში მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს და ვერ გახანგრძლივდეს.

ვენეციის კომისია და ODIHR ასევე იმეორებენ თავიანთ წინა რეკომენდაციებს საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ცესკოს წევრების უფრო მაღალი უფლებამოსილების უზრუნველყოფას, შესარჩევი კომისიის გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული ფორმირებას, პარტიების მიერ წარდგენილი წევრების გათავისუფლების საფუძვლების დადგენას, ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების (საოლქო საარჩევნო კომისიები, საუბნო საარჩევნო კომისიები და ა.შ.) წევრების დაქირავებისა და შერჩევის პროცესის გაძლიერებას.

გამოხმაურებები შეფასებაზე

ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას „წითელი აუნთო“, — განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ და დასძინა, რომ ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯი ამ ცვლილებების უკან გაწვევა იქნება.

„ვენეციის კომისიის მტკიცებით, მთავარი გამოწვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, ეს საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. ამიტომაც, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არათუ ემსახურება საქართველოს ევროინტეგრაციას, არამედ წარმოადგენს დიდ უკან გადადგმულ ნაბიჯს. შესაბამისად, ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გააკეთოს, არის ამ რეფორმის გაწვევა და ერთპარტიულად მიღებული ცვლილებების თავადვე შეცვლა მათ მიერვე ცალმხრივად ანულირებულად გამოცხადებული „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული წესის შესაბამისად“, — თქვა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას“.

„ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად „რუსული პარტიის“ მიერ იყოს დანიშნული“, — დასძინა მან.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი არგუმენტები სჭირდებათ.

„ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმებას და ამის გამო გვირჩევს ძველი წესის დატოვებას. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი დასკვნა. მზად ვართ სამართლებრივი დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ეს არ არის უპრეცედენტო, ეს არ არის ირაციონალური და ეს უზრუნველყოფს ქმედითი ცესკო-ს ფორმირებას და ასე შემდგომ, კი ბატონო, მაგრამ ჯერ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ყველაზე რაციონალური პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების სტანდარტული უმრავლესობით (76 ხმა) არჩევაა და “უპრეცედენტო რეგულაციები” არ გვჭირდება.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მმართველი გუნდი არათუ არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციებს, ბოლომდე არ მიიყვანს პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებსაც, რომელიც პირველ ცდაზე ცესკოს თავმჯდომარის 90 ხმით არჩევას გულისხმობს.

„გვექნება კომუნიკაცია, რომ გავიგოთ, რა უდგას საფუძვლად იმას, რაც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ექსპერტების მიერ დასკვნაში აისახა. მას შემდეგ, რაც არგუმენტაციას მოვისმენთ და დისკუსია გვექნება, ჩვენ მმართველ გუნდში ჩამოვყალიბდებით და საგაზაფხულო სესიისთვის გვექნება პოზიცია ჩამოყალიბებული, საბოლოო კონტექსტში რა ფორმით ჩამოვაყალიბოთ ცესკოს დაკომპლექტება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კანონპროექტის ინიციატორმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გივი მიქანაძემ და დასძინა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა „ოცნების“ მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ მოდელზე „კონტექსტიდან ამოვარდნილია“.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებში, სადაც პარლამენტი აკომპლექტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გადაწყვეტილება პარლამენტის სრული შემადგენლობის 50%+1 ხმით მიიღება.

„დასკვნაში არ არის წარმოდგენილი არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ უნდა მოხდეს 19 აპრილის შეთანხმების სისტემაზე დაბრუნება, რომელმაც ორწლიან პრაქტიკაში ვერ გაამართლა. ვენეციის კომისიის წევრებს შეხვედრაზე ვკითხეთ, რომელ სახელმწიფოშია ასეთი მექანიზმი, სადაც პარლამენტი აკომპლექტებს შემადგენლობას. პასუხი ვერ მივიღეთ, იმიტომ, რომ ასეთი მექანიზმი არსად არ არის. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც რაღაც ექსპერიმენტები უნდა ვაკეთოთ“, — განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, მაგრამ ამ დასკვნამ მმართველ გუნდს შემხვედრი შეკითხვები გაუჩინა.

„ასე მარტივად ვერ მივიღებთ შემოთავაზებას, რომლის უკანაც არანაირი მტკიცებულება და არგუმენტაცია არ დგას“, — აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი