სამხრეთ კავკასიის ამბები

რა მდგომარეობაშია ქართული კულტურული მემკვიდრეობა ცხინვალში – კვლევა

4 ნოემბერი, 2022 • 1514
რა მდგომარეობაშია ქართული კულტურული მემკვიდრეობა ცხინვალში – კვლევა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, ლურჯი ფარის საქართველოს კომიტეტმა 3 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში ქართული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

ანგარიში მოიცავს 737 კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მათ შორის ეკლესიებს, ციხე-სიმაგრეებს, მუზეუმებს, სასახლეებს და სხვა ტიპის ნაგებობებს.

კვლევის ავტორებმა ღია წყაროების გამოყენებითა და Google Earth-ის საჰაერო გადაღებებზე დაკვირვებით შეაფასეს აღნიშნული ძეგლების მდგომარეობა კატეგორიების მიხედვით.

კვლევის თანახმად მოცემული 737 ძეგლიდან 324 ძეგლის იდენტიფიცირება რუკაზე ვერ მოხერხდა, ხოლო 25 ძეგლის შემთხვევაში გამოსახულება იმდენად ცუდი ხარისხის აღმოჩნდა, რომ მათი კატეგორიზაცია შეუძლებელი გახდა.

რუკაზე იდენტიფიცირებული 324 ძეგლიდან „კარგ“ მდგომარეობაში მხოლოდ 35 მათგანია, „საშუალო“ მდგომარეობაში – 72, „ცუდ“ მდგომარეობაში – 139, „განადგურებულია“ რუკაზე იდენტიფიცირებული 53 ძეგლი, (ასევე Google Earth-ის რუკაზე დაუდგენელი 4 ძეგლი) და „უცნობია“ კიდევ 25 ძეგლის ბედი.

აგვისტოს ომის დროს დანგრეული მაჩაბლის მუზეუმი, რომელიც აღარ აღუდგენიათ

ანგარიშში ასევე მოცემულია ძეგლების დაზიანების მიზეზებიც.

  • რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა ან დაინგრა, ჯამში, 23 ძეგლი, მათ შორის: 12 ეკლესია, 5 მუზეუმი, 2 სასახლე და 4 სხვა ტიპის ნაგებობა;
  • 2008 წლის შემდეგ სხვადასხვა სამუშაოების შემდეგ დაზიანდა ან დაინგრა 26 ძეგლი, მათ შორის: 21 ეკლესია, 3 ციხე-სიმაგრე, 1 მუზეუმი და 1 სასახლე;
  • უყურადღებობით დაზიანდა და განადგურდა 95 ძეგლი, მათ შორის: 49 ეკლესია, 34 ციხე-სიმაგრე, 3 მუზეუმი და 9 სხვა ტიპის ნაგებობა;
  • სამხედრო ობიექტების სიახლოვეს იმყოფება 45 ძეგლი, მათ შორის 25 ეკლესია, 16 ციხე-სიმაგრე და 4 სხვა ტიპის ნაგებობა;
  • ხოლო 1 მუზეუმი და 1 ეკლესია დარბევისა და ძარცვის მსხვერპლი გახდა.

ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია, სადაც კანკელი თანამედროვე სამშენებლო მასალებით ააგეს.

კვლევის ავტორთა თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი იმ სოფლებში მდებარეობდა, რომლებიც 2008 წლის ომის დროს სრულიად გადაიწვა და დაინგრა, მოგვიანებით კი მის ადგილზე რუსული სამხედრო ან საცხოვრებელი ობიექტები აშენდა, ასეთია, მაგალითად, სოფელი თამარაშენი, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დღეს კი სრულად დანგრეულია.

ისტორიული სასახლის მიმდებარედ მძიმე ტექნიკის მუშაობის ფაქტი – 2010 წელი. დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმი

„ლურჯმა ფარმა“ ასევე შექმნა ონლაინ-რუკა, სადაც შესაძლებელია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ნახვა ოკუპირებული მუნიციპალიტეტებისა და დაზიანების ხარისხის მდგომარეობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი