ახალი ამბები

“არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში” – კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე ქანდაკებას ეხმაურება

14 თებერვალი, 2024 • 1447
“არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში” – კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე ქანდაკებას ეხმაურება

“თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს ჰყავს კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი არტისტის ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა ზაარბრიუკენის მოედანზე განთავსებული ქანდაკების საკითხზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეებში არტისტების ნამუშევრები დროებით იფინება, რაც ხელოვანების საქმიანობას უწყობს ხელს.

“ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა [აღნიშნულ ქანდაკებაზე], ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა ირგვლივ გვყავს ადამიანები, რომლებმაც ბევრი იციან აღნიშნულთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.

„მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით განთავსებული ქანდაკების საკითხს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი. შედეგად, უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ქანდაკების ირგვლივ გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობა მისასალმებელია და მსგავსი დისკუსია ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. „სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი საზოგადოებისთვის ასეთი აქტუალურია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენ საჭირო და დროული იყო თბილისში ასეთი ინსტიტუციის გაჩენა. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობს გამოცხადებულ კონკურსებში. ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება, გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” 9 თებერვალს დაიდგა. ქანდაკება მოედანზე მინიმუმ 1.5 წლის განმავლობაში იდგება. მერე კი, შესაძლოა, სხვაგან გადაიტანონ.

გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსის, “საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილის, ზაარბრიუკენის მოედანი”, გამარჯვებულია.

კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო განაცხადის ღირებულება მაქსიმუმ 80 000 ლარი უნდა ყოფილიყო, განვითარებული არქიტექტორსა და ინჟინერთან ერთად, “რათა ითვალისწინებდეს შერჩეული ადგილის სპეციფიკას, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტებს”.

“გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს”, – წერს ფონდი.

ქანდაკების ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არაინფორმირებულ საზოგადოებაში არაერთი სახუმარო ვერსია მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ქანდაკება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს გამოსახავდა.

ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრობლემაა, როდესაც საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას საჯარო სივრცეში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

“როცა საჯარო სივრცეში იგეგმება ახალი ფორმის შეტანა, აუცილებელია, მის შესახებ ფაქტის დადგომამდე მოხდეს ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, მისი ე.წ. პიარი. საზოგადოებას უნდა გააცნონ ხელოვანი, ისაუბრონ მომავალ პროექტზე, იყოს განხილვები, საუბრები ზოგადად ხელოვნებაზე და ა.შ…

იმ საზოგადოებას, რომელიც არ ფლობს სპეციფიკურ ცოდნას, განსაკუთრებით აღიზიანებს საკუთარი ფაქტორის იგნორირება, – ანუ, მას “არ ჰკითხეს, საქმის კურსში არ ჩააყენეს”,- და უცებ, მისი ფანჯრის წინ ხედი რადიკალურად იცვლება”, – წერს ხაბულიანი.

საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის, ლიკა ჭკუასელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განათება მალე დამონტაჟდება და “ფოტო/ვიდეო, რეცენზიები, საჯარო, საგანმანათლებლო პროგრამა გზაშია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი