ახალი ამბები

„მოქალაქეები“ პენსიონერების სახელით „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის

13 თებერვალი, 2024 • 8104
„მოქალაქეები“ პენსიონერების სახელით „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის

პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერების სახელით „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის და საპენსიო ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. როგორც პარტიის დეპუტატი ქეთი თურაზაშვილი ამბობს, სარჩელს სასამართლოში დღეს, 13 თებერვალს შეიტანენ.

„დღეს პარტია მოქალაქეები „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს საპენსიო სესხებზე. ჩვენ უკვე მეორე წელია ვმუშაობთ საპენსიო სესხებზე და პენსიონერების პრობლემებზე. უკვე მეორე წელია, რაც ამოვხსენით „ლიბერთი ბანკის“ ორნაირი სქემა, როგორ იძარცვებიან ჩვენი პენსიონერები, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და ვეხმარებით მიმართონ ლიბერთი ბანკს, ძველ ჩარჩოში დაბრუნებით გაინულონ სესხები“, — ამბობს თურაზაშვილი.

იურისტი გიორგი რეხვიაშილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება, რადგანაც ყველა პენსიონერზე აისახება, რომელსაც „ლიბერთი ბანკის“ ოვერდრაფტი აქვს აღებული.

იურისტის განმარტებით, სარჩელით „მოქალაქეები“ ითხოვენ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების გაუქმებას და სასესხო ვალდებულების შესრულებულად ჩათვლას, ვინაიდან, მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ ვალდებულებებთან შედარებით პენსიონერებს პროცენტის სახით  ორჯერ და სამჯერ მეტი აქვთ გადახდილი.

ამასთან, რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ ვინაიდან პენსია სოციალური დახმარებაა, გაუმართლებელია მათთვის ამგვარი ტიპის სესხის შეთავაზება. ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ მათთვის უფრო რთულია ხელშეკრულების დეტალებში გარკვევა, „ლიბერთი“ კი არ აგრთხილებს მათ ოვერდრაფტის თავისებურებებზე:

„ჩვენ საუბარი გვაქვს პენსიონერებზე. პენსია არის სოციალური დახმარება, სოციალური დახმარებიდან ხდება აღნიშნული თანხების ჩამოჭრა. პენსიონერს 200 და 300 ლარი აქვს პენსია და ეს თანხა მიდის ისეთ სასესხო პროდუქტში, რომლითაც არ იფარება ძირი და ეს არის უსასრულო…

პენსიონერები ამას ეძახიან — „სესხი სიცოცხლის ბოლომდე“, სენსიტიური თემაა… ამასთან, პენსიონერისთვის კიდევ უფრო რთულია გაეცნოს და გაერკვეს ხელშეკრულების პირობებში, სიტყვის მნიშვნელობაც არ იციან. ამ შემთხვევაში „ლიბერთი ბანკი“ არაკეთილსინდისიერად იქცევა, არ აცნობებს და არ აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ეს სესხი განსხვავდება სხვა სტანდარტული სესხებისგან.

ეს ოვერდრაფტის ხელშეკრულებები დაკარგული აქვთ, ჩვენ გამოვითხოვეთ ბანკისგან და ისინი ვერ გვაწვდიან. გვპასუხობენ, მიმდინარეობს არქივში აღნიშნული ხელშეკრულებების მოძიება. ჯერ ერთი, არქივში რატომ უნდა იყოს, როცა მიმდინარე სესხია. რეალურად, დაკარგული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე აგრძელებენ პენსიონერებისთვის თანხის ჩამოჭრას და ამასაც უსამართლოდ ვთვლით.

ჩვენს მოთხოვნას ამითაც ვამყარებთ, რომ ხელშეკრულება არ არსებობს, ჩვენ არ გვაქვს ხელშეკრულება, სადაც ეწერება პროცენტი, რა პირობები იყო, რა ჩანაწერი არსებობდა, არაფერი არ გვაქვს . გვაქვს მხოლოდ ლიბერთი ბანკის სისტემაში არსებული რაღაც რიცხვები“, — ამბობს იურისტი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სასამართლოს ორი პენსიონერის სახელით მიმართავენ, თუმცა გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება.

რა არის „საპენსიო ოვერდრაფტი“ და რით განსხვავდება ის საპენსიო სესხისგან

სესხისგან განსხვავებით, ოვერდრაფტის შემთხვევაში მომხმარებელი ყოველთვიურად დახარჯული თანხის მიხედვით პროცენტს იხდის, ძირ თანხას კი არაფერი აკლდება მანამ, სანამ სესხის ამღები ბანკში პირვანდელი მოცულობის თანხას არ დააბრუნებს.

„ლიბერთი ბანკის“ ქოლცენტრში, ნეტგაზეთის ინფორმაციით, მომხმარებელს ეუბნებიან, რომ საპენსიო სესხისა და ოვერდრაფტის გაცემისას განსხვავება საპროცენტო განაკვეთში არაა და იდენტუია. ორივე პროდუქტის შემთხვევაში, იდენტურია სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა (4 წელი) და თანხის ზედა ზღვარი (10 000 ლარი). განსხვავება შეიძლება იყოს ყოველთვიურ შენატანში.

კერძოდ, რაკი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური შენატანიდან იფარება როგორც სესხის ძირი, ასევე პროცენტი, ოვერდრაფტის შემთხვევაში მხოლოდ პროცენტის დაფარვა ხდება. ამ უკანასკნელის დროს პენსიონერებს ყოველთვიურად ნაკლები თანხა შეიძლება ჩამოეჭრათ პენსიიდან, ვიდრე ეს სესხის შემთხვევაში მოხდებოდა. თუ პენსიონერს სესხის შემთხვევაში თვეში, მაგალითად, 60 ლარის შეტანა უწევს, ოვერდრაფტის დროს ყოველთვიური შენატანი შესაძლოა 30 ლარს შეადგენდეს, თუმცა განსხვავება ის არის, რომ სესხის გრაფიკის მიხედვით გადახდისას კრედიტის ვადის ბოლოს მსესხებელს სესხის ძირიც დაფარული ექნება, ოვერდრაფტით სარგებლობისას კი ეს არ მოხდება, პირვანდელი ნასესხები თანხის მთლიანად დაბრუნება მოუწევს.


სტატიის გამოქვეყნებამდე, „ნეტგაზეთი“ „ლიბერთი ბანკსაც“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში საპასუხო კომენტარზე უარი გვითხრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი