ახალი ამბები

NGO-ები სააპელაციოს ნატა ფერაძის პატიმრობის გადახედვისკენ მოუწოდებენ

2 თებერვალი, 2024 • 1438
NGO-ები სააპელაციოს ნატა ფერაძის პატიმრობის გადახედვისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებულ სანქციას და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს.

სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ნატა ფერაძის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, ნატა ფერაძისთვის დაწესებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  4. დემოკრატიის მცველები
  5. თბილისი პრაიდი
  6. მწვანე ალტერნატივა
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  8. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  9. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  11. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  13. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  14. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  16. ქალები საერთო მომავლისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი