ახალი ამბები

20-მდე რელიგიური ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ბექა მინდიაშვილს

22 იანვარი, 2024 • 855
20-მდე რელიგიური ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ბექა მინდიაშვილს

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

რელიგიური გაერთიანებები აცხადებენ, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, ტოლერანტობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად მუშაობენ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში, რომელიც ხშირად „უაღრესად დისკრიმინაციულ გარემოში, ერთადერთ თავისუფალ პლატფორმას წარმოადგენდა ჩვენი ერთობლივი პოზიციის გამოსახატავად“.

„თუ არა სახალხო დამცველის მანდატი და ასევე ტოლერანტობის ცენტრის თანადგომა, რელიგიათა საბჭოს თანამშრომლობა ვერ იქნებოდა ეფექტური და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს გაცილებით დაბალი იქნებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

რელიგიათა საბჭოში გაერთიანებულია განსხვავებული რწმენისა და მსოფლმხედველობის რელიგიები.

„ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა გარკვეულწილად განპირობებულია ბატონი ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ხელმძღვანელობს ტოლერანტობის ცენტრს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმით და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით“, — აცხადებს საბჭო და ნდობას უცხადებს ბექა მინდიაშვილს.

„რაც შეეხება მის გამონათქვამებს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო მოვლენების შესახებ, თუნდაც ეს იყოს პოლემიკური და მწვავე, ეს მისი, როგორც თეოლოგის გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც ჩვეულებრივი, თანამდევი და ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო პროცესია შიგა კონფესიური თუ ზოგადად რელიგიური სამყაროსათვის. ამდენად, დაუშვებლად მიგვაჩნია ცენზურა თუ შეფასება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა შეაფერხოს დემოკრატიული პროცესების ბუნებრივი განვითარება“, — ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ეკლესიების მსახურები იმედოვნებენ, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ინსტიტუციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და მომავალშიც იქნება ავტონომიურობის მყარი დარაჯი. შესაბამისად, ტოლერანტობის ცენტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფი რელიგიათა საბჭო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების საფუძველზე, ძველებურად, დამოუკიდებლად გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. სახარების რწმენის ეკლესია;
  2. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;
  3. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია;
  4. ხსნის არმია;
  5. ქართველ მუსლიმთა კავშირი;
  6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
  7. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
  8. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  9. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  10. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  11. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
  12. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  13. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  14. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  15. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  16. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები
  17. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი მისი მოსაზრების გამო, რომ შობა 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ და არა — 7 იანვარს, რუსულ სამყაროსთან ერთად. პაპუაშვილმა რეაგირებისთვის მიმართა სახალხო დამცველს და ტოლერანტობის ცენტრის დამფინანსებელ USAID-ს.

ამ თემაზე:

USAID პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

შალვა პაპუაშვილი ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ ამჯერად USAID-ს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი