ახალი ამბები

კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება დემოკრატიისთვის — რელიგიათა საბჭო

16 აპრილი, 2024 •
კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება დემოკრატიისთვის — რელიგიათა საბჭო

საქართველოს სახალხო დამცველთან არსბეული რელიგიათა საბჭო მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საფარქვეშ შემუშავებული რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას.

მათივე შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.

„კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის!

ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა არ იქცეს კანონად!

კანონპროექტი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეების ღირსებისთვის!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „უცხო ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის განხილვა!“ — ნათქვამია რელიის საბჭოს განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი რელიგიური ორგანიზციები:

  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • საქართველოს ევანგელურ – ბაპტისტური ეკლესია
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
  • ხსნის არმია
  • საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია
  • მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
  • აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  • საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
  • ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • ბაჰაის საზოგადოება
  • ასურელთა წმნიდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ – პროტესტანტული ეკლესია

წერილის ავტორთა თქმით, ხელმოწერები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი