ახალი ამბები

“ევროკავშირი არის მტკიცე და საიმედო მშვიდობა” – რელიგიათა საბჭო

16 ივნისი, 2022 • 917
“ევროკავშირი არის მტკიცე და საიმედო მშვიდობა” – რელიგიათა საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპისგან ელიან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

“მრავალეთნიკურმა და მრავალკონფესიურმა ქართველმა ხალხმა ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი შრომა გაწია; ჩვენი საერთო აზრია, რომ ევროკავშირის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრას, მათ შორის იმ პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრას, რაც ევროპის პარლამენტის რეზოლუციითაა ნახსენები.

კანდიდატის სტატუსის მოპოვება მძლავრ ბიძგს მისცემს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, გააღრმავებს სამოქალაქო ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას, შექმნის დამატებით წინაპირობას ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი და ტოლერანტული განვითარებისთვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვისთვის. ევროკავშირი არის მტკიცე და საიმედო მშვიდობა!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები ასევე მადლიერებას გამოხატავენ უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნავენ, რომ სწორედ მათი გმირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი “ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მომავლის განმსაზღვრელ საკითხზე” გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება.

განცხადებას ხელს აწერს:

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ხსნის არმია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ პროტესტანტული ეკლესია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
  • მეგობართა საზოგადოება
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადება
  • აჰმადია მუსლიმთა საზოგადოება
  • ევანგელისტური ეკლესია
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი