ახალი ამბებისაზოგადოება

ალტ-ინფო ნატა ფერაძეს ემუქრება და მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს

13 იანვარი, 2024 • 1349
ალტ-ინფო ნატა ფერაძეს ემუქრება და მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები და მათი მხარდამჭერები 13 იანვარს სამ საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ. ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის მხრიდან აქციაზე გაიჟღერა ულტიმატუმმა სახელმწიფოს მიმართ და მუქარამ აქტივისტ ნატა ფერაძის მისამართით, რომ ან სახელმწიფომ დასაჯოს აქტივისტი, ან ამას თავად ალტ-ინფო გააკეთებს.

სასულიერო პირებისა და სხვა პრორუსული ძალების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობით ოპერის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ძველი ქალაქის სამმართველოში განცხადება შეიტანეს, რითაც ნატა ფერაძის დასჯას ითხოვენ. შემდეგ კი, სამების ტაძრისკენ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სალოცავად დაიძრნენ.

საპატრიარქომ ალტ-ინფოს შეკრებამდე გაავრცელა განცხადება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და სასულიერო პირებს მოუწოდა, არ ჩაერთონ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

13 იანვრის აქციამდე:

  • 10 იანვარს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლთან შეიკრიბნენ.
  • პრორუსული ალტ-ინფოს წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 9 იანვარს, აქტივისტმა  ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
  • ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ  გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] დაიწყო.
  • პრორუსულმა ძალადობრივმა ალტ-ინფომ და მათმა მხარდამჭერებმა უკმაყოფილება გამოხატეს ხელისუფლების მიმართ, უმოქმედობაში დაადანაშაულეს მთავრობა და 13 იანვარს შეკრება დააანონსეს.
  • ნატა ფერაძის სახლთან მაგავე დღეს თავს დაესხნენ მის მეგობრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი