ისტორიკოსი ბექა კობახიძე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და რომ ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში.

ისტორიკოსი ბექა კობახიძის შეფასებას ამ საკითხზე უცვლელად გთავაზობთ.


ცოტა ვრცლად, ირაკლი კობახიძის განცხადება და ჩემი პასუხი.

ირაკლი კობახიძე: “გეორგიევსკის ტრაქტატი სხვა მოცემულობა იყო. ერეკლე მეორეს რუსეთთან ომი არ ჰქონია და სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, ეს შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს. რუსეთი მაშინაც უზარმაზარი სახელმწიფო იყო, საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკა და ინტერესები ჰქონდა და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. როდესაც ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მაშინ ერეკლე მეორეს ძალიან კარგად ჰქონდა დანახული ეს ყველაფერი, მათ შორის რისკებიც, მაგრამ რაც მთავარია მას დანახული ჰქონდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის გადარჩენისთვის. ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა. ჩვენ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე ჰქონდა, გადარჩა და როდესაც ერეკლე მეორე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები.”

ჩემი პასუხი ორნაწილიანი იქნება – ისტორიული და პოლიტიკური.

ისტორიული

ირაკლი კობახიძემ ისტორია გააყალბა. 1783-1798 წლები, ესე იგი გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან ერეკლეს გარდაცვალებამდე, არის ყველაზე მძიმე და დამანგრეველი პერიოდი ერეკლეს მეფობაში. ამ პერიოდში მოხდა ორი ყველაზე დიდი ლაშქრობა საქართველოს წინააღმდეგ – დაღესტნელი ომარ ხანისა 1785 წელს და სპარსელი აღა მაჰმად ხანისა 1795 წელს. ქვეყანა განადგურდა. ორივე ლაშქრობის მიზეზი ერეკლეს რუსეთთან კავშირი იყო.

ბექა კობახიძე

ახალციხის ფაშა ჯერ კიდევ 1770 წელს გადაემტერა ერეკლეს, როცა ერეკლემ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთს მეორე ფრონტი გაუხსნა და ასპინძის ბრძოლაში ფაშა დაამარცხა. თუმცა ამ გამარჯვებით ვერ ისარგებლა, რადგან რუსეთის ჯარი ბრძოლის ველიდან გაბრუნდა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება განიზრახა. გამარჯვების ბოლომდე მიყვანის ნაცვლად, ერეკლეს რუსები გაუხდა სადევნელი.

1783 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ახალციხის ფაშამ ერეკლეს დასჯა ლეკების ხელით გადაწყვიტა. მისი წაქეზებით, ომარ ხანი 20 ათასიანი ჯარით შეესია ქართლ-კახეთს, ააოხრა, ახტალის სპილენძის საწარმო დაანგრია, ტყვეები წაასხა და წავიდა. კარგად მოუსმინეთ [ისტორიკოს] ალექსანდრე მიქაბერიძის საუბარს! ერეკლე თვეების მანძილზე აფრთხილებდა რუსეთს, რომ ეს ლაშქრობა მზადდებოდა, ითხოვდა ტრაქტატის შესრულებას და ჯარის გამოგზავნას, მაგრამ არ გამოუგზავნეს. ერეკლეს ყველა წერილია შემორჩენილი, რომელსაც ამ ჩანაწერში მოისმენთ.


თუმცა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთს ტრაქტატი არ დაურღვევიაო. რატომ გეძახით ხალხი რუსებს? აი ამიტომ!
აღა მაჰმად ხანი ეხვეწებოდა ერეკლეს, დაანებე თავი რუსეთს და ხელს არ გახლებო. ერეკლე ისევ გეორგიევსკის ტრაქტატით იყო დაიმედებული, რომ რუსეთი მას დაიცავდა. 1795 წელს წამოვიდა აღა მაჰმად ხანი თბილისზე, მაგრამ რუსეთმა ისევ არ შეასრულა ხელშეკრულება და თბილისი აოხრდა, დაინგრა, ათასობით ადამიანი დახოცეს და ტყვედ წაიყვანეს. ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ რუსეთს ტრაქტატი არ დაურღვევიაო. რატომ გეძახით ხალხი რუსებს? ამიტომ!

მერე, ასეთი განადგურებული, წინააღმდეგობის ძალის გარეშე მყოფი ქვეყანა რუსეთმა იოლად მიიერთა, ერეკლეს შთამომავლები კი გადაასახლა. ამ ყველაფერს ირაკლი კობახიძე შემდეგნაირად აფასებს: “სამწუხაროდ სხვანაირად განვითარდა მოვლენები”-ო. ასე რბილად და თბილად გადააგორა სახელმწიფოს გაუქმება და სამეფო დინასტიის ამოგდება.

კიდევ ერთი ციტატა ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან: “მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება [რუსებმა] თავზე დაგვახიეს.”

და ერეკლეს რა უქნეს? ჟორდანიას რა უქნეს? გამსახურდიას რა უქნეს? 1992-93 წლებში ხელმოწერილ ხელშეკრულებებს რა უქნეს?
რატომ გეძახიან ხალხი რუსებს? ამიტომ!

რატომ დახურეთ კგბ-ს და კომპარტიის არქივები?

რატომ დახურეთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა?

რატომ აკრძალეთ საქართველოს ისტორიის ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ერთადერთ ნებადართულ სახელმძღვანელოს თქვენი ჯიბის ისტორიკოსებს რატომ აწერინებთ?

სიმართლე რომ არ ვილაპარაკოთ და ვწეროთ, იმიტომ!

პოლიტიკური ნაწილი

სინამდვილეში, ისტორიის ცოდნა აქ არაფერ შუაშია. 2024 წელს წინასაარჩევნო დაპირება იყო “ღირსებით ევროპისკენ”, “ორ ფეხზე” და “ჩვენი პირობებით”, არჩევნების შემდეგ იყო “დროებით ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს”, წელს შალვა პაპუაშვილმა თქვა აღარ გვინდა ევროკავშირიო და ახლა მივედით შემდეგ ეტაპზე – რუსეთთან მოკავშირეობა. ერეკლეს რეპუტაციის გამოყენება არის შესავალი. განა მე, ვინმე ირაკლი კობახიძე ვამბობ ამას, აგერ ერეკლემ დადო ტრაქტატი და ამ ტრაქტატს რუსეთი ასრულებდაო. სააკაშვილმა ვერ გაუგო ვერაფერი, თორემ ერეკლეს და ბიძინას შეუსრულებს. “მერე სხვანაირად განვითარდა მოვლენები” მართალია გვჭედავს ცოტა ლოგიკაში, მაგრამ სადაც ასე გვასულელებთ, ეს რა მოსატანია, ეგებ ესეც გადავყლაპოთ.
თქვენ მხარდამჭერებს არც ეს ადარდებთ და არც ის, რომ თქვენს ხელში გელათი ნადგურდება. ფარისევლობამ და რუსეთმა ერთად წაიღეს ქვეყანა.


რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

ამავე თემაზე

კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა