ახალი ამბები

გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ – პატარაძე დავითგარეჯზე

29 დეკემბერი, 2023 • 2503
გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ – პატარაძე დავითგარეჯზე

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით „პოზიტივი აქვთ“.

თუმცა, რა იგულისხმება „პოზიტივში“, ელჩი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება ორ მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას. აუცილებლად იქნება შედეგი, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ.

დღეს, როგორც არასდროს, ისეთი მაღალი დონის დიალოგია ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია. თქვენ მომსწრე ხართ, შარშან, შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დავითგარეჯის საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო, რასაც წინ უძღოდა კარტოგრაფების გახმაურებული დაპატიმრების საქმე. თუმცა 3 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში კონკრეტულად არ საუბრობენ, არის თუ არა რაიმე პროგრესი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შეხვედრები საკმაოდ მაღალი დინამიკით გამოირჩევა.


კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი არ აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი