საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც რეპროდუქციული სერვისების მიმწოდებელ ზოგიერთ დაწესებულებას ახალი ვალდებულებები უჩნდება.
კონკრეტულად, ის კლინიკები, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებს (ყველა ჩარევა, რომელიც მოიცავს ადამიანის კვერცხუჯრედებისა და სპერმის, ან ემბრიონების ინ ვიტრო – ორგანიზმის გარეთ – დამუშავებას რეპროდუქციის მიზნით) იყენებენ, ვალდებულები იქნებიან, მათ მიერ დამუშავებული ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახონ.
“ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა […] სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებს 19 სამედიცინო დაწესებულება იყენებს.