ახალი ამბები

მთავრობამ დაამტკიცა საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის

11 დეკემბერი, 2023 • 818
მთავრობამ დაამტკიცა საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის

დღეს, 11 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს დოკუმენტი — საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. ეს ინფორმაცია სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ გაავრცელა. თუმცა თავად დოკუმენტი ჯერჯერობით, არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ჯაველიძის განცხადებით, დოკუმენტის მიზანია, მთავრობასა და საზოგადოებას შორის “პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემების ერთიანი ხედვის შემუშავება”.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, დოკუმენტი სამი თავისგან შედგება: პირველ თავში საინფორმაციო გარემოს მიმოხილვაა მოცემული, მეორეში — მთავრობის საკომუნიკაციო ხედვა და მიზნები, ხოლო მესამე თავი ეთმობა სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას.

“ამ დოკუმენტში განსაზღვრული არის სამი მნიშვნელოვანი მიზანი. ეს მიზნები არის: ეროვნული ინტერესების შესაბამისი და ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაციის წარმოება და განსაზღვრულია 5 ამოცანა; სტრატეგიის მეორე მიზნად განსაზღვრული არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და რა ხედვები აქვს ამ მიმართულებით ჩვენს შესაბამის სამსახურებს; მესამე მიზანი არის სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაში ინსტიტუციონალური სრულყოფა”, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ჯაველიძის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში შემუშავდება სტრატეგიის პირველი სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველწლიურად განახლდება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტრატეგიაზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მასში ასახულია ევროინტეგრაციისთვის შესასრულებელი 9 პირობიდან პირველი — დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგია, რომლის ერთი-ერთი მიზანი, მთავრობისავე ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებით, მედიასთან თანამშრომლობის გაძლიერებაა, მედიისთვის ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს იმის გასაგებად, როდის გახდება მედიასთან კომუნიკაციისთვის შექმნილი დოკუმენტი მედიისთვის ხელმისავწდომი, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

ბრიფინგზე რევაზ ჯაველიძეს ტელეკომპანია BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ შეახსენა, რომ მთავრობა უკვე სამი წელია არღვევს კანონს, როცა სხდომაზე დამტკიცებულ განკარგულებებს არ ასაჯაროებს. ჟურნალისტმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰკითხა, კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში მაინც თუ ექნება მედიას შესაძლებლობა, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მთავრობის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების შესახებ.

“აუცილებლად გამოქვეყნდება. მალე. ჩემი პასუხი ეს არის. კი ბატონო, ახალი სტრატეგიის ფარგლებში”, — განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

საქართველოს მთავრობა 2020 წლიდან აღარ აქვეყნებს განკარგულებებს. ამით ირღვევა როგორც კანონი, ისე თავად მთავრობის რეგლამენტი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჯერ განკარგულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა მოითხოვა, შემდეგ კი უწყებას სასამართლოში უჩივლა. პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი