ახალი ამბები

2024-დან ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში უნდა განთავსდეს

28 დეკემბერი, 2023 •
2024-დან ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში უნდა განთავსდეს

2024 წლის იანვრიდან, ერთიან რეესტრში აისახება სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.

სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობაა, ასევე- აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური.

„ცვლილებამდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰქონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას.

თუ 2018 წელს მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500
იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა“, — აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს ახორციელებს 19 დაწესებულება.

როგორც სამინისტრო აცხადებს, „ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება პარლამენტში ინიციირებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი