ახალი ამბებისაზოგადოება

“არ გვინდა კეთილდღეობა თერგის დაშრობის ხარჯზე” – მოხევეები ახალი ჰესების წინააღმდეგ

20 დეკემბერი, 2023 •
“არ გვინდა კეთილდღეობა თერგის დაშრობის ხარჯზე” – მოხევეები ახალი ჰესების წინააღმდეგ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორისციხეში 20 დეკემბერს შეხვედრა იყო დაგეგმილი მოხევეებთან, რათა მდ. თერგზე 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში განეხილათ. შეხვედრა შედგა, მაგრამ განხილვის გარეშე.

სოფელ გორისციხის რიტუალების სახლში შეკრებას ადგილობრივთა მხრიდან თან ახლდა მღელვარება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. მოსალოდნელზე დიდი რაოდენობით თავმოყრილი მოხევეების გამო, შეკრებამ ეზოში, ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა და, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა. რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივები ცალსახად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, რომ უარს ამბობდნენ “კამარა ჰესისა” და თერგზე სხვა ჰესების აგებაზე. კვლავ და კვლავ განმეორებით სვამდნენ კითხვას, გაითვალისწინებდა თუ არა მათ აზრს ხელისუფლება.

“განხილვაში იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ გვგონია, ჩვენი აზრი რამედ ღირს. ჩვენი აზრი თუ რამედ ღირს, რის დეტალებს ვიხილავთ დღეს? არ გვინდა კეთილდღეობა თერგის დაშრობის ხარჯზე. რა არის გაუგებარი?! რაღაისთვის მოდიხართ?” – კითხულობენ ადგილობრივები.

პირველად არ ხდება, რომ მოხევეები “კამარა ჰესის” აშენებას ეწინააღმდეგებიან, ჰესის პროექტისა და მიმდინარე პროცესების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ.

“ჩვენ არ გვაქვს კითხვები თქვენთან”, – უთხრა ადგილობრივმა შოთა ბუჩუკურმა კომპანია “კამარა ენერჯის” წარმომადგენელს, – “ჩვენ კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან, ცენტრალურთან და ადგილობრივთან. კომპანია უამრავია, დღეს ერთია, ხვალ სხვა მოვა, ყველას დევნას ჩვენ ვერ დავუწყებთ, ვის უკან ვინ დგას. ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, ხევის მომავალს როგორ ხედავენ! როგორი უნდა იყოს ხევი 20, 30, 50 წლის მერე? 13 ჰესით და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებში გახვეული? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვერ იქნება ხევის მომავალი. არ შეიძლება განხილვის საგანი იყოს ახლა აქ, მილი ლურჯი იქნება თუ წითელი.”

ხევის მოსახლეობასთან სკოპინგის ანგარიშის განსახილველად შეხვედრები ერთხელ უკვე ჩაიშალა სექტემბერში. ნოემბერში დაგეგმილი შეხვედრები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

მანამდე მსგავსი გზა, ადგილობრივებისგან წინააღმდეგობის ტალღა, კომპანიამ 2021 წელსაც გამოიარა. ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების პროექტის სკოპინგის ანგარიში მაშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაიწუნა, დასკვნა არ გასცა და მოითხოვა “პროექტის შეცვლილი ვარიანტი და/ან სათანადო მრავალპროფილურ კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული და მყარად დასაბუთებული ინფორმაცია, არგუმენტები ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ ეკოლოგიურ კომპლექსებზე მოსალოდნელი ზემოქმედების ხარისხის, მათი შერბილების, თავიდან აცილების და საკომპენსაციო ქმედებების ღონისძიებების თაობაზე”.

2 წლის შემდეგ, 2023 წელს, კვლავ განახლდა ყაზბეგში “კამარა ჰესის” მშენებლობის თემა. განსხვავებით 2021 წლისგან, როცა პროექტი 23.556 მგვტ სიმძლავრის ჰესის აგებას ითვალისწინებდა, ამჯერად ჰესის დადგმული სიმძლავრე 16.62 მგვტ-ზე გაითვალა და მდინარე თერგის კიდევ 5 კილომეტრის მანძილზე მილებში მოქცევა დაიგეგმა – სოფელ ყანობიდან სოფელ გორისციხემდე. განახლდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობაც.

სკოპინგი პროცედურაა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს, მსგავსი ინფორმაციის ამ შეფასებებში ასახვას.

სკოპინგის განახლებულ ანგარიშში, რომელიც კომპანიამ 2023 წლის ნოემბერში წარმოადგინა, ვკითხულობთ, რომ პროექტის მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური სარგებელია:

“დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავება და გამომუშავებული ელექტროენერგიით ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება” და “დროებითი (100) და მუდმივი (14) სამუშაო ადგილების შექმნა”.

ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კვლევებია საჭირო, რა მასშტაბით მოახდენს ჰესი გავლენას მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით სარგებლობის შესაძლებლობაზე.

სკოპინგის ანგარიშში ჰესის აგებისა და ექსპლუატაციის შესაძლო საფრთხეებს შორისაა:

  • “გარემოზე მოსალოდნელია შემდეგი სახის ზეგავლენა: ჰაბიტატების ფრაგმენტაცია, კიდის ეფექტის შექმნა, დეგრადაცია ან სრული დაკარგვა; საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში არსებული ჰაბიტატების და წყლის დაბინძურება; სახეობების შემთხვევითი სიკვდილიანობა; ხმაურით და ვიზუალური ეფექტით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა და ინვაზიური სახეობების გავრცელება.
  • მშენებლობის ეტაპზე ზედაპირული წყლების დაბინძურება მდინარის კალაპოტში.
  • ჰესის ექსპლუატაციის ეტაპზე ზემოქმედება მყარი ნატანის გადაადგილებაზე; პრობლემური შეიძლება იყოს მსხვილი ნატანის დაგროვება ღვარცოფული მოვლენების შედეგად.

შესაძლო საფრთხეებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივები, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღეს მათი კატეგორიული უარი მხოლოდ სიჯიუტით არ აიხსნება.

“მსგავსი ჰესების და ელ.გადამცემი ხაზების მშენებლობის მწარე გამოცდილება მუნიციპალიტეტს უკვე გააჩნია, კერძოდ დარიალის, ხადის და ლარსი ჰესების და ამ ჰესებიდან სნოს ხეობისკენ გადაჭიმული 500- კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების სახით. აღნიშნულმა პროექტებმა უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტი, ვინაიდან სრულებით დაამახინჯა ულამაზესი დარიალისა და სნოს ხეობები.

დამატებითი ჰესებისა და გადამცემი ხაზების აშენება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას და ტურისტებისთვის მუნიციპალიტეტს ნაკლებად მიმზიდველს გახდის”, – ამონარიდი ადგილობრივების 2 წლის წინანდელი წერილიდან. 

“ჩვენი პოზიცია ეს იყო, ეს არის და ეს იქნება. 2021 წლიდან ტექნიკურად შეცვალეს პროექტი, მაგრამ ჩვენ “კამარა ჰესს” განცალკევებულად არც ვუყურებთ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთ აზრზე ვართ. 13 ჰესის აგებას რომ გვიპირებენ და დაწყებული აქვთ კიდეც ეს პროცესი. საერთოდ, რას უპირებენ ხევსა და მის მომავალს?” – გვეუბნება შოთა ბუჩუკური.

მწვავე შეფასება მისცა 2021 წელს სკოპინგის ანგარიშს “მწვანე ალტერნატივამ”. “დოკუმენტი ძალზე დაბალი ხარისხისაა. მიუხედავად იმისა, უხარისხო სკოპინგის/გზშ ანგარიშების განსახილველად წარდგენა უკვე ნორმად იქცა, წინამდებარე დოკუმენტმა ყოველგვარ პესიმისტურ მოლოდინს გადააჭარბა”, – წერდა მაშინ “მწვანე ალტერნატივა”.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ნეტგაზეთთან სკოპინგის განახლებულ ანგარიშს აფასებს და თვლის, რომ ახალ, განსხვავებულ პროექტს ძველ პროექტთან საერთო აქვს საკითხის შეუსწავლელობა, გარემოს ზემოქმედების ხედვის არქონა. ყველა ის პრობლემა და რისკი, რაც არსებობდა, ახლაც სახეზეა.

“ძალიან რთულია, რომ ამ ახალ დოკუმენტებს განახლებული უწოდო. არ იციან, მდინარეში რა რაოდენობის წყალი დარჩება მას შემდეგ, რაც თერგი მილში მოექცევა. შემდეგ ეტაპზე დავადგენთო. საერთოდ გაუგებარია მაშინ, პროექტის იდეა როგორ ჩამოყალიბდა. გამოდის, რომ, ფაქტობრივად, სიმძლავრე არ იციან ჰესის. 

გეოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ რთული ადგილია. არაერთი ღვარცოფული ხევია აქ, რასაც ეს მილი უნდა დახვდეს გზად. იმას, რასაც თერგი აკეთებდა, თერგის გარეშე რა გააკეთებს? ნატანს რა ჩაიტანს? და თუ არაფერი ჩაიტანს, სად წავა? ეს კითხვები ჰაერში რჩება”, – გვეუბნება ნინო გუჯარაიძე.

მისი შეფასებით, კომპანიის “კამარა ენერჯის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უკვე იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ სააგენტოს უარი ეთქვა პროექტზე, რადგან გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედება უკვე თვალნათელია.

“მდინარის ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემა კომპლექსურია და მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს კიდევ არაა მთავარი. ამაზე მნიშვნელოვანია გეოლოგიური საფრთხეები, ღვარცოფების რისკი, მდინარეების ბუნებრივი განვითარების რადიკალური ცვლილება, რამაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე, თუ ამ ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდებიან. თავი რომ დავანებოთ ლანდშაფტის დრამატულ ცვლილებას, იმას, რომ თერგი ხევის მთავარი ვარსკვლავია, რისთვისაც იქ ტურისტები ჩადიან, რამაც იქ განავითარა ადგილობრივი ეკონომიკა და სადაც თავის მომავალს ხედავენ ადგილობრივები. ამ დროს პროექტი პროექტზე იდება, რომ თერგი მილში მოაქციონ.

სოციალური ზემოქმედება კიდევ ცალკე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 14 ადამიანის დასაქმებაზე რომ საუბრობენ, გაურკვეველი ვადით, აბსურდულია, რომ ეს მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება იყოს. არაშედარებადია ეს პოტენციური სარგებელი იმ ზიანთან, რაც წინსწრებით უკვე ვიცით, რომ დადგება”, – ამბობს ნეტგაზეთთან ნინო გუჯარაიძე.

“კამარა ჰესი” ერთ-ერთია ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის CFD (ფასთა სხვაობის ხელშეკრულება) აუქციონში გამარჯვებულ 24 პროექტს შორის. აქედან 14 პროექტია ჰიდროელექტროსადგური:

  • მაგანა ჰესი – 4,5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 5,9;
  • ჭართალი ჰესი – 1,56 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,3;
  • ცხენისწყალი 3 ჰესი – 35 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,49;
  • შავი არაგვი 2 ჰესი – 5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,5;
  • სადმელი ჰესი – 2,7 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,7;
  • დევაში ჰესი – 5,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • ცხენისწყალი 1 ჰესი – 22,48 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • შავი არაგვი ჰესი – 5,2 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • შავი არაგვი 1 ჰესი – 3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • ხადა ჰესი – 1,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • რიონი-ჭანჭახი ჰესი – 21,13 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • ნოწარულა 2 ჰესი – 4,88 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • ზესხო 1 ჰესი – 20,3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • კამარა ჰესი – 16,62 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85; 

აუქციონის კომისიაში ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობასთან კონსენსუსი მიიღწევა.

“თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა, ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, არის სოციალური საკითხები, კომპენსაციის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა ჰქონდეს, ამას მივესალმებით, თუმცა ჰესი აშენდება, თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში.

გორისციხის შემდეგ, სკოპინგის ანგარიშის განსახილველად შეხვედრა 21 დეკემბერს სოფელ სიონშია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი