დღეს, 31 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ ეწევა ეკონომიკის ზრდას. მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე წელში ეს წარმოშობს პრობლემებს.
გამომდინარე აქედან, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის გონივრულად გამოყენება. მან წარმოადგინა ენერგეტიკული პროექტების ხელშეწყობის ახალი სქემა:
„უკრაინაში მიმიდინარე ომმა და კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა სირთულეები, რაც სახელმწიფოებს აქვთ. ეს არის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები. ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც გვქონდა კონსულტაციები და ეს სქემა, რასაც წარმოგიდგენთ, მათთან არის შეთანხმებული და რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა“, — აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული გულისხმობს ენერგეტიკული პროექტის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით მხარდაჭერის სქემას. ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარდაჭერის ახალი სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოხდება, ჯამში, 1 500 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა:
„ბოლო წლებში ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული. ეს ერთი საკითხი.
მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად, ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი: სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე, და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“,”— აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილისვე ცნობით, 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობის შედეგად, ქვეყანა 2.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ელოდება ამ მიმართულებით, რასაც დაემატება 800-მეგავატიანი და მსხვილი პროექტები, რომლებზეც მთავრობა ცალკე იმსჯელებს:
„მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. შეიძლება ითქვას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ კი, ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.
იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა. ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი.
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მით უმეტეს, ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან, და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა“, — განაცხადა პრემიერმა.