ახალი ამბები

ყაზბეგის მერს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ, შსს დუმს

22 ნოემბერი, 2023 • 1262
ყაზბეგის მერს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ, შსს დუმს

მოხევე მარტია პაპიაშვილი, რომელიც „კამარა ჰესის“ პროექტს აპროტესტებს, ყაზბეგის მერთან შელაპარაკებას ადასტურებს, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობს.

„იქ არ იყო პროვოკაციები, რაღაც პროვოცირება… რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მოხდა ერთმანეთში დალაპარაკება, შელაპარაკება და ასე მოხდა, რა…“, — განუცხადა მარტია პაპიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“.

მანამდე ახალგაზრდულმა კოალიციამ „ხევის თვითმმართველობისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოქალაქეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო სცემა. კოალიციის ცნობით, შემთხვევა 21 ნოემბერს სოფელ არშაში, დაკრძალვაზე მოხდა.

„დიახ, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა მიცვალებულის დაკრძალვაზე, ხალხის თვალწინ ჯერ საქმის გარჩევა მოინდომა (Facebook-ზე „კამარა ჰესის“ წინააღმდეგ დაწერილი პოსტის გამო), ხოლო შემდეგ ჩაიდინა ეს სამარცხვინო საქციელი“, — დაწერა კოალიციამ „ხევის თვითმმართველობისთვის“ Facebook-ზე, თუმცა „ნეტგაზეთთან“ დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

ბრალდებებს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად“, — განაცხადა ავსაჯანიშვილმა.

პოსტი, რომელიც მარტია პაპიაშვილმა 20 ნოემბერს გამოაქვეყნა, „კამარა ჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეებზე ზეწოლას ეხებოდა.

მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება მდინარე თერგზე 16.62 მგვ-იანი „კამარა ჰესის“ აშენებას.

„კამარა ენერჯის“ მანამდე ორჯერ ეთქვა უარი ჰესის მშენებლობაზე, თუმცა პროექტის საჯარო განხილვა გარემოს დაცვის სამინისტრომ 27-28 ნოემბერს დააანონსა.

„ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სულ ყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნას!“ — ნათქვამია მარტია პაპიაშვილის პოსტში.

პაპიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყაზბეგის მერის გაღიზიანება ზემოაღნიშნულმა პოსტმა გამოიწვია, თუმცა ამბობს, რომ „ჰესის“ საკითხზე წინააღმდეგობები მანამდეც არსებობდა.

„რაც ეს ჰესების თემები არსებობს, არსებობს დაპირისპირებები ადამიანებს შორის… არ ვიცი, აღარ მახსოვს კარგად [დაპირისპირების მიზეზი]. აქამდეც ვაქტიურობთ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, — თქვა მან.

ყაზბეგის მერი ცილისწამებას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ლობირებს და თანამშრომლებს აიძულებს, კონკრეტული პროექტების განხორციელებას დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში — სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ემუქრება.

ავსაჯანიშვილის თქმით, ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან“, — აცხადებს ყაზბეგის მერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აქვთ პასუხი, დაიწყო თუ არა გამოძიება ძალადობის შესახებ საჯარო წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი