ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: აფთიაქებში წამლებზე ფასს ხელოვნურად ზრდიან, ზოგ შემთხვევაში – 32-ჯერ

19 დეკემბერი, 2023 • 1166
ჯანდაცვის სამინისტრო: აფთიაქებში წამლებზე ფასს ხელოვნურად ზრდიან, ზოგ შემთხვევაში – 32-ჯერ

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აფთიაქებში წამლების ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 1000, 2000 და ზოგჯერ 3000%-ზე მეტით. საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც ჯერ არ მოქმედებს რეფერენტული ფასები [სამინისტროს მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი].

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ დიდ ფარმაცევტულ ქსელებში მედიკამენტებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი ფასი აქვს. ეს უწყებას უჩენს ეჭვს, რომ სააფთიაქო კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ და ხელოვნურად ზრდიან ფასებს.

“მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, სექტორი  აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის შესასწავლად მიმართავენ კონკურენციის სააგენტოს და გადასცემენ ყველა საჭირო დოკუმენტს. გარდა ამისა, უწყება აანონსებს, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე უახლოეს მომავალში დააწესებენ ფასის ზედა ზღვარს, რომელზე ძვირად გაყიდვაც აფთიაქებს აეკრძალებათ.


რეფერენტული ფასების დაწესება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დააანონსა 2022 წლის მაისში.

მედიკამენტებზე დანახარჯით საქართველო  ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში – კერძოდ, ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯის 36% მედიკამენტებზე დანახარჯს უკავია. ამასთან, ეს დანახარჯები მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი ფაქტორია.

ფონდ კურაციოს განმარტებით, გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა (გრფ) მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია, მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის, ფასი დაუახლოვდეს მეზობელი ქვეყნების ფასს და დაიზოგოს როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება, ასევე მოსახლეობის ფინანსები.

თუმცა „კურაციო“ ასევე წერს, რომ გრფ-ს დაგეგმვისას თითოეულმა სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს ადგილობრივი კონტექსტი და გრფ-ის პოლიტიკის დიზაინი ლოკალური მახასიათებლების გათვალისწინებით შეადგინოს, რადგან არ არსებობს ფასწარმოქმნის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების ერთი საერთო ფორმულა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი