ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ 2023 წლის დასაწყისიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები დაწესდება, რაც ზედა ზღვრის განსაზღვრას გულისხმობს.
„თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული“, – განაცხადა 27 ივლისს ილია ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ამჟამად სამინისტრო მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზეა, ამ პროცესში კი უწყებას ექსპერტები ეხმარებიან, მათ შორის ისინი, „ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“.
ღუდუშაურის თქმით: „რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს“.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეფერენტული ფასების დაწესება ერთ-ერთი კომპონენტია რეფორმის, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
რეფერენტული ფასების დაწესება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დააანონსა 2022 წლის მაისში.
საქართველო მედიკამენტებზე დანახარჯით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში – კერძოდ, ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯის 36% მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს. ამასთან, ეს დანახარჯები მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი ფაქტორია.
ფონდ კურაციოს განმარტებით, გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა (გრფ) მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია, მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის, ფასი დაუახლოვდეს მეზობელი ქვეყნების ფასს და დაიზოგოს როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება, ასევე მოსახლეობის ჯიბიდან.
თუმცა „კურაციო“ ასევე წერს, რომ გრფ-ს დაგეგმვისას თითოეულმა სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს ადგილობრივი კონტექსტი და გრფ-ის პოლიტიკის დიზაინი ლოკალური მახასიათებლების გათვალისწინებით შეადგინოს, რამეთუ არ არსებობს ფასწარმოქმნის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების ერთი საერთო ფორმულა.