ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს ჩაგვაბაროს” – შიში ცხინვალში

14 დეკემბერი, 2023 • 28696
“რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს ჩაგვაბაროს” – შიში ცხინვალში

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


სამხრეთ ოსეთში საზოგადოება, ერთი მხრივ, მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის მხარეს ოსების ბრძოლას, მეორე მხრივ კი, ეჭვებშია, რომ რუსეთს გეგმა აქვს, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ჩააბაროს. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ცხინვალი მოსკოვს მოკავშირის ერთგულებას უმტკიცებს, სულ უფრო ხშირად ისმის მოთხოვნებიც, სამხრეთ ოსეთმა, “ყოველი შემთხვევისთვის”, საკუთარი არმია შექმნას.

სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა მთიანი ყარაბაღის დაცემამ და ზოგადად, მსოფლიოში არსებულმა სხვადასხვა კრიზისმა. საზოგადოების მღელვარებას ემატება “რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობაც”. ადგილობრივები ყურადღებით აკვირდებიან კრემლის თითოეულ ნაბიჯს, რათა გამოიცნონ მოსკოვის ზრახვები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტა, ამ მხრივ, შეძლებისდაგვარად ამშვიდებს საზოგადოებას, თუმცა მღელვარებას ვერც თავად მალავს კარგად. ამ კუთხით აღსანიშნავია პრეზიდენტ ალან გაგლოევის რეაქცია, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა. 

“ჩვენ არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მთიანი ყარაბაღი ურთულეს მდგომარეობაში მიატოვა. მან უღალატა საკუთარ ხალხს, რომელიც სომხეთიდან დახმარებას ელოდა. ფაშინიანმა ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, არცახის დამოუკიდებლობა ეღიარებინა”. 

ეს განცხადება მიმართულია უფრო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისადმი, ვიდრე თავად სომხეთის პრემიერისადმი, რომელიც სათუოა, გაგლოევის აზრით დაინტერესდეს. პრეზიდენტის სიგნალი საკუთარი თანამემამულეებისადმი კი დაახლოებით ასე ჟღერს: ნუ გეშინიათ, ჩვენ არ გავიმეორებთ სტეპანაკერტის ისტორიას! პარალელების გავლა არაა საჭირო. ყარაბაღისგან განსხვავებით მოსკოვმა ჩვენ გვაღიარა და სამხედრო ბაზაც კი განათავსა. სამხრეთ ოსეთს მოსკოვთან მთელი რიგი შეთნხმებები აქვს უსაფრთხოების სფეროში. 

სამხრეთ ოსეთში ყარაბაღის ისტორიის დასრულებას უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დასუსტებას და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი გავლენების შემცირებას უკავშირებენ. ყარაბაღის საკითხის ძალისმიერ გადაჭრასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან ყველა ელოდა შეშფოთებას მაინც. სწორედ აქ ჩნდება მომხდარის ინტეპრეტაციაც, რომ “მოსკოვმა განზრახ ჩააბარა ყარაბაღი აზერბაიჯანს და რა შეუშლის ხელს, ჩვენც ჩაგვაბაროს?!”.

გაგლოევის განცხადება, თავისი არსით, მცდელობაა არცახის მოვლენების ინტერპრეტირებისა, როგორც ერევნის და არა მოსკოვის ღალატის შედეგი. 

ცხინვალელებისთვის ეს მტკივნეული თემაა, რომელთაც აქვთ განცდა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმდინარეობისას, ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა ორჯერ დატოვეს ცხინვალი, საიდუმლოდ, ღამით. დილით კი ცხინვალელებმა აღმოაჩინეს, რომ ქართული დანაყოფები შევიდნენ ქალაქში. იმის მიუხედავად, რომ ეს მოვლენები 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში მიმდინარეობდა, ცხინვალელებს ყველაფერი კარგად ახსოვთ და მათი შიში დღესაც ცოცხალია. 

2023 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ყარაბაღის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს გავლით, როკის გვირაბით ტრანზიტის გახსნის წინადადება განიხილებოდა. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამ დამთხვევამაც დააფრთხო, იმის მიუხედავად, რომ ექსპერტების აზრით, ცხინვალში აშკარად გადააჭარბეს ამ ღონისძიების მნიშვნელობას. თუმცა სამხრეთ ოსეთში მსგავს “სიგნალებს” ვერ უგულებელყოფენ. 

გაგლოევის განცხდება  არ არის პირველი, რომელიც 20 სექტემბრის [ყარაბაღის დაცემა] შემდეგ საზოგადოების დამშვიდებისკენაა მიმართული. 

 

სწორედ ამ დამშვიდების მცდელობას მიეძღვანა 3 ოქტომბერს, ყარაბაღის დაცემიდან ორი კვირის შემდეგ, სოჭში  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაც. თუმცა თავიდან იგეგმებოდა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 2024-2025 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმის ხელმოსაწერად.

ტექნიკური შეხვედრის დემონსტრაციულად პოლიტიკური შეხვედრის სტატუსამდე აწევა აფხაზეთისა და სამხრე ოსეთის პრეზიდენტების დაჟინებული მოთხოვნის გამო მოხდა. როგორც სამხრეთ ოსეთის ექსპერტები აღნიშნავდნენ, სოხუმშიც და ცხინვალშიც საჭიროება გაჩნდა დამაიმედებელი განცხადებებისა რუსეთის პირველი პირებისგან. ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ გეგმავს საკუთარი გარანტიების გადახედვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხში, დაამშვიდა სამხრეთ ოსეთის საზოგადოება, თუმცა, მოკლე ხნით. 

2023 წლის 7 ოქტომბერს  ღაზის სექტორში ომის დაწყებისთანავე სამხრეთ ოსეთშიც დაიწყო მღელვარება  – მცირე რეგიონული კონფლიქტები დიდი სამყაროს ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. 

მღელვარების კიდევ ერთი საბაბი ის გახდა, რომ პირველი ოქტომბრიდან რუსეთმა საბაჟო გადასახადები დააწესა სამხრეთ ოსეთთან –  საბაჟო გადასახადი 7%-მდე გაზარდა, როგორც საბაჟო კავშირს მიღმა ტერიტორიასთან. აქამდე საბაჟო გადასახადი ეხებოდა მხოლოდ პროდუქციის ცალკეულ სახეობებს [ალკოჰოლს, მაგალითად]  და დადგენილ ლიმიტს მიღმა ნავთობპროდუქტს. 

შედეგად, პირველადი საჭიროების საქონელზე ფასები სამხრეთ ოსეთში თითქმის გაორმაგდა. ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება მოსკოვთან გადასახადის გაუქმებაზე მოლაპარაკებებს ცდილობს. რუსი პარტნიორები ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება მალე გაუქმდება, თუმცა, ჯერ არაფერი შეცვლილა. 

მოსკოვის ახალ მოთხოვნებს ცხინვალში სავაჭრო ბლოკადას ადარებენ და მის მიზანშეწონილობაზე კითხვას სვამენ – “რა ეკონომიკური სარგებელი აქვს 30- ათასიინი ტერიტორიის დატვირთვას გადასახადებით, თუკი საქმე სხვა რამეს არ ეხება? მაგალითად, გვიბიძგონ საქართველოსკენ”.

შემაშფოთებელი ეჭვების რიგში მორიგი ისტორიაც მოჰყვა: ცხინვალში დეპუტატები კანონში “სახელმწიფო საზღვრის” შესახებ ცვლილებების მისაღებად შეიკრიბნენ. თუმცა 20 ნოემბერს, საკითხის განხილვამდე, ცხინვალს მოულოდნელად ეწვია საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ მასლოვი.

კურატორის ვიზიტისას კულუარული შეხვედრა შედგა ცვლილებების ინიციატორ დეპუტატებთან. იგორ მასლოვმა “დაჟინებითი რეკომენდაცია” გასცა, თავი შეეკავებინთ ცვლილებებისგან, რომელიც საქართველოსთან საზღვრის დადგენას 1922 წლის პროტოკოლების შესაბამისად ითვალისწინებდა. 

შეხვედრის მონაწილეთა თქმით, იგორ მასლოვმა დეპუტატებს აცნობა, რომ მათი ჩანაფიქრი რისკის მომტანია, საქართველოში არასასურველი რეაქციების პროვოცირების კუთხით, რამაც, საბოლოო ჯამში, რეგიონის ისედაც არამყიფე სტაბილურობა შეიძლება მოარღვიოს. 

მეტიც, კურატორის ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა დეპუტატს, რომელსაც განსაკუთრებით, დაჟინებით უნდოდა ცვლილების მიღება, შეახსენა, რომ მსგავსმა აქტიურობამ შეიძლება მას რუსეთის მოქალქეობა დააკარგინოს.  

“როგორ გავიგოთ ეს?!  – ამბობდნენ პარლამენტარები – “როდიდან შფოთავს რუსეთის ხელისუფლება თბილისის რეაქციებზე? ყოველივე ეს კითხვებს ბადებს”. 

შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში გამყარდა აზრი, რომ მოსკოვი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მფარველობის პასუხისმგებლობა აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დატოვებს, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, ან არ დამარცხდება მაინც. 

მსგავსი შიშებია ჩრდილოეთ ოსეთშიც, სადაც გავრცელებულია აზრი, თითქოს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი ჩრდილოეთ ოსეთს დატოვებს და ოსებს მუსლიმთა გარემოცვას შეატოვებს. სწორედ ამით აიხსნება ოს მოხალისეთა დიდი რაოდენობაც უკრაინაში, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პატრონაჟის ქვეშ არიან – მათთან რეგულარულად ჩააქვთ ჰუმანიტარული ტვირთი, კვადროკოპტერები, ამუნიცია და ა.შ.

ოფიციალური ცნობით, დღეს უკრაინაში დაახლოებით 12 ათასი ოსია, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 

“ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს ჩვენი ომი არაა, მაგრამ ეს ჩვენი ომია, სამწუხაროდ. იმის გათვალისწინებთ, თუ რას ვხედავთ მოსაზღვრე საქართველოში, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა უკრაინაში უკან დაიხიოს, ჩვენი მომავალი, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთ ოსეთის – არ იქნება შესაშური. ამიტომაც ეს ომი აბსოლუტურად ჩვენი ომია”, – განაცხადა უკრაინაში ოს სამხედროებთან შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პეტრე გასიევმა. 

ამ 12 ათასიდან ათასზე მეტი სამხრეთ ოსეთიდანაა, რაც, ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 13%-ს შეადგენს. 40-მდე უკვე დაიღუპა. 

თუ ომის დასწყისში ახალგაზრდების სხვის ომში მონაწილეობის წინააღმდეგ პროტესტი დიდი იყო, რუსეთის იზოლაციისა და მეორე ფრონტზე განცხადებების შემდეგ, ეს პროტესტი ნელ-ნელა იკლებდა. ყარაბაღის დაცემის შემდეგ კი,  საერთოდ გაქრა. ამავე დროს, საზოგადოებაში იზრდება მოთხოვნა იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთში საკუთარი არმია აღდგეს, რომელსაც თანამედროვე შეიარაღება და აღჭურვილობა ექნება. ამას ითხოვენ ისინიც კი, ვინც საქართველოსთან დიალოგის მომხრეები არიან [სხვათა შორის, მათი რაოდენობა არ მცირდება]. არმიის შექმნაზე საკუთარ პოზიციას კი იმით ხსნიან, რომ “მტერი არ დაგელაპარაკება, თუ შენში ღირსეული მეტოქე არ დაინახა”. 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი