ახალი ამბები

WMO: 2023-ის ოქტომბერი ისტორიაში ყველაზე თბილი აღმოჩნდა

9 ნოემბერი, 2023 • 1081
WMO: 2023-ის ოქტომბერი ისტორიაში ყველაზე თბილი აღმოჩნდა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის ოქტომბერი [ამ სტატისტიკის წარმოების] ისტორიაში ყველაზე თბილი აღმოჩნდა.

„უკვე მეხუთე თვეა, რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურაა. ეს ნიშნავს, რომ 2023, დიდი ალბათობით, დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილი წელი გახდება“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ამ წლის ოქტომბერში საშუალო გლობალური ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0,85 გრადუსით მეტი იყო, ხოლო წინა წლის ასევე რეკორდულად თბილ ოქტომბერს 2023-ის ოქტომბერმა 0,40 გრადუსით გაუსწრო. ორგანიზაციის განცხადებით, ტემპერატურული ანომალია ყველაზე დიდი მასშტაბისაა 2023 წლის სექტემბრის შემდეგ.

ამასთან ერთად, 2023-ის იანვარ-ოქტომბერში დაკვირვების პერიოდში ყველაზე თბილი ამინდი დაფიქსირდა – 1850-1900 წლების მაჩვენებელზე 1,43 გრადუსით მეტი და  2016 წლის ათი თვის მაჩვენებელზე 0,10 გრადუსით მეტი.

გარდა ამისა, ოქტომბერში შესრულდა ექვსი თვე, რაც ანტარქტიკული ყინულის ფართობი წლის ამ დროისთვის რეკორდულად დაბალ დონეზე რჩებოდა. ყინულის ფართობის მაჩვენებელი საშუალოზე 11%-ით ნაკლები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი