ახალი ამბები

სუსი აცხადებს, რომ ვერ ახერხებს გინტურის მკვლელების იდენტიფიცირებას

13 დეკემბერი, 2023 • 905
სუსი აცხადებს, რომ ვერ ახერხებს გინტურის მკვლელების იდენტიფიცირებას

ერგნეთში ქართულ მხარესა და საოკუპაციო ძალებს შორის მორიგი შეხვედრა 13 დეკემბერს გაიმართება.

ქართული მხარის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება 6 ნოემბერს თამაზ გინტურის მკვლელობა საოკუპაციო ხაზს იქით მოყოლილ სოფლის სალოცავთან. შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში იმართება. ეს პირველი გეგმური შეხვედრაა კირბალში ლომისის ტაძართან მომხდარი მკვლელობის შემდეგ.

შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გააკეთა. მისი თქმით, გინტურის მკვლელობის “ოქროს მოწმე”, ლევან დოთიაშვილი მკვლელების ამოცნობას ვერ ახერხებს და მათი ვინაობა ქართული მხარისთვის უცნობია.

“თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული და ეს არის მხოლოდ ერთი: უნდა მოხდეს მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება. ყველაზე ლოგიკური გზა არის მკვლელების გადმოცემა. რუსეთის ფედერაციამ თამაზ გინტურის მკვლელობის მიმართ პირველივე დღიდან დაიკავა უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია. არავის აქვს ილუზია, რომ პროცესი იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერა, გაჟღერებული გვაქვს ჩვენი მოთხოვნები”, – აღნიშნა ანთაძემ.

58 წლის თამაზ გინტური სოფლის მთავარ სალოცავთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და რამდენიმე დღე ტყვეობაში ჰყავდათ. ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი რუსებისგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვარს იქით არის მოყოლილი. საოკუპაციო ხაზს მიბჯენილია სოფლის სასაფლაო, საძოვრები. თუმცა არავითარი ნიშანი, რაც საოკუპაციო ხაზზე მიანიშნებდა, კირბალის ტერიტორიაზე არ ჩანს.

ოკუპანტებისგან სოფლის მაცხოვრებლების გატაცება ხშირი ამბავია. კირბალში 180 კომლი ცხოვრობს და 2008 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 100 ადამიანი გაუტაცებიათ აქამდე, მაგრამ მკვლელობა პირველად მოხდა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობისა და დოთიაშვილის გატაცების შესახებ, რომლითაც გმობს საოკუპაციო ძალების ამ დანაშაულებს, მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა საქართველოდან და სხვა.

რეპორტაჟი კირბალიდან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, იხილეთ აქ:

“ლომისა ჩვენია და ჩვენი იქნება” – კირბალელები თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი