საზოგადოება

“ლომისა ჩვენია და ჩვენი იქნება” – კირბალელები თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ

11 ნოემბერი, 2023 • 2844
“ლომისა ჩვენია და ჩვენი იქნება” – კირბალელები თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ

საოკუპაციო ხაზთან, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის წინ რუსი სამხედროებისგან მოკლული თამაზ გინტური კირბალში, მშობლიურ სოფელში, ოჯახის სასაფლაოზე 11 ნოემბერს დაკრძალეს.

“საყრდენი ბოძი გამოეცალათ გინტურებს.”

“როხროხით იცოდა ლაპარაკი. ლომოოო! – შემოგძახებდა და დააწყებინებდა კედლებს ზანზარს.”

კირბალში გინტურების სახლის პირველ სართულზე მეზობელი თუ ნათესავი ქალები ფუსფუსებენ და თამაზ გინტურის დაკრძალვისთვის ემზადებიან. მეორე სართულიდან თამაზ გინტურის ცოლის დატირება ისმის – “სულ ამის შიში მქონდა, გენაცვალე, ბიჭო! სად გეძებო, იმ ბნელ მიწაში როგორ დაგინახო, ბიჭო!”

თამაზ გინტურის პანაშვიდი © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

58 წლის თამაზ გინტური სოფლის მთავარ სალოცავთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მთაზე აგებული პატარა სალოცავი გინტურების სახლის აივნიდანაც მოჩანს და დაახლოებით ორ კილომეტრშია მათგან.

სოფელი კირბალი, ხედი ლომისის სალოცავზე თამაზ გინტურის ოჯახის აივნიდან © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

სოფელთან საოკუპაციო ხაზი გადის. ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი რუსებისგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვარს იქით არის მოყოლილი. საოკუპაციო ხაზს მიბჯენილია სოფლის სასაფლაო, საძოვრები. თუმცა არავითარი ნიშანი, რაც საოკუპაციო ხაზზე მიანიშნებდა, კირბალის ტერიტორიაზე არ ჩანს.

თამაზ გინტურის პანაშვიდი © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

თამაზის ძმა გივი (კოლა) გინტური ნეტგაზეთთან 6 ნოემბრის საღამოს იხსენებს და ძმაზე ჰყვება.

“კეთილშობილი ადამიანი იყო ჩემი ძმა. პატარასთან პატარა, დიდთან – დიდი. ახლა მთელმა ქვეყანამ გაიცნო, მაგრამ სოფელმა აქამდეც იცოდა, რომ გმირი იყო. 90-იან წლებში აფხაზეთში იბრძოდა, 2008 წელსაც იომა. პოლიციაში მსახურობდა, მერე სპეციალური დანიშნულების რაზმში. 2013 წელს დაუბრუნდა სოფელს და მეურნეობას მიჰყო ხელი. ორივენი აქა ვართ გაზრდილები. ჩვენი სოფლის მფარველი ლომისის წმინდა გიორგია. ჩემს ძმას სულ თან ჰქონდა სანთლები. არცერთ ეკლესიას ისე არ ჩაუვლიდა, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში, არ შესულიყო და არ მოელოცა”, – გვიყვება მოკლული თამაზის ძმა. 

6 ნოემბერს თანასოფლელის მამის საფლავის მოსაწესრიგებლად სასაფლაოზე 6 ადამიანი ავიდა, მათ შორის ერთ-ერთი თამაზ გინტური იყო. სასაფლაოდან წამოსულებმა, თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა ლომისის წმინდა გიორგის სალოცავისკენ გადაუხვიეს.

სოფელში მოვდიოდი, რომ დამირეკეს. ჯერ მითხრეს, გატაცებულია შენი ძმაო. გატაცებას რას ვდარდობდი. ბევრი გაუტაციათ ჩვენი სოფლიდან და ყველა დაბრუნებულა. მერე დამირეკეს, დაჭრილია, სასწრაფოთი მოჰყავთ გორისკენ და გზაში დახვდიო. ამაზეც არ მინერვიულია. მთავარია, ცოცხალია და ვუშველით-მეთქი. გორის ჰოსპიტალს რომ მიუახლოვდნენ, მანქანა შემობრუნდა და თბილისის მხარეს წავიდა. მანდ ვიფიქრე, ესე იგი, მძიმედ არის დაჭრილი-მეთქი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რომ მივედით, უკვე მივხვდი, რომ დაღუპული იყო ჩემი ძმა. მე გავაპატიოსნე მისი ცხედარი, მე ჩავაცვი. მადლობა ღმერთს, რომ ლევანი მაინც გამოუშვეს ცოცხალი”, – გვეუბნება კოლა გინტური.

ლევან დოთიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა უკვე მას შემდეგ  გაიტაცეს, რაც მანქანაში თამაზ გინტური ჩაცხრილეს. რამდენიმედღიანი ტყვეობის შემდეგ, დოთიაშვილი სოფელს 10 ნოემბერს დილით დაუბრუნდა. ოკუპანტებისგან 9 ნოემბერს გათავისუფლებულმა, მთელი ღამე ქართულ მხარესთან დაკითხვაზე გაატარა.

დოთიაშვილი ნეტგაზეთთან დეტალურად ჰყვება 6 ნოემბრის საღამოს მოვლენებს და ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებს.

“ეკლესიიდან რომ გამოვედით და წამოსვლას ვაპირებდით, მაგ დროს მოვიდა ერთი რუსი. დავილაპარაკოთო, ჩვენ ვუთხარით. მშვიდად ვიყავით მეც, თამაზიც და ისიც დაწყნარდა. მე ბევრი რუსული არ ვიცი და ყველაფერი არ მესმოდა. მანქანაში დაჯექიო, თამაზმა მითხრა. დავჯექი და ველოდებოდი. მანქანა დაქოქილი იყო. მოვიდა თამაზი. რამდენიმე მეტრი გავიარეთ სულ და არ ვიცი, რა მოხდა. ბრძანება მისცეს ამ რუსს, არ გაუშვაო თუ რა უნდოდა და დაგვიშვა ტყვიები. არ მოგვხვედრია ჯერ არაფერი. თამაზი არ გაჩერებულა და სადღაც 20 მეტრი გვქონდა ალბათ გავლილი, დამიზნებით წამოვიდა ცეცხლი. ვახ, დამჭრაო, თამაზმა იყვირა. მოგარტყა, დიმიტრიჩ-მეთქი? ეგ იყო, მეტი აღარაფერი უთქვამს. ხერხემალში რომ მოხვდა ტყვია, ფეხი მუხრუჭზე დარჩა, როგორც ჩანს და მანქანა თავისით ჩაქრა. გადმოვხტი, მანქანას შემოვუარე. თუ მოხვედრა იყო, მარჯვნიდან მომხვდებოდა ტყვია თუ მარცხნიდან, რაღა აზრი ჰქონდა.

გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან. ის რუსიც მოვიდა, გაფითრებული იყო. თამაზი ხრიალებდა. პირში სული ედგა ჯერ. არ დაიძინო-მეთქი, ვეხვეწებოდი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვუღე. სასწრაფო გამოვიძახე. ეს რუსი ჩემთან ერთად იყო. მძიმე კაცი იყო თამაზი, გადატრიალებაშიც მომეხმარა. 

შვიდნი მოვიდნენ მერე კიდევ და ერთმა წიხლი დამარტყა სახეში, გადამაგდო. ბორკილები დამადეს და ლომისის უკან, სადღაც 300 მეტრში გადამიყვანეს. არაფერს მეუბნებოდნენ. შიგადაშიგ მირტყამდნენ. ჩემთან ერთად ორი რუსი იყო. დანარჩენები თამაზთან დარჩნენ და მერე წამოგვეწივნენ.

გადამიყვანეს ღრომში [ოკუპირებული სოფელი მეჯვრისხევთან]. ბაზა აქვთ იქ. ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ. რა მოხდაო. სულ რუსები იყვნენ, არ ვიცი რუსული-მეთქი და თარჯიმანი მომიყვანეს. ფორმა არ ეცვა, ოსი იყო ალბათ, 55-60 წლის კაცი. სუფთად ლაპარაკობდა ქართულად. რასაც თქვენ გიყვებით, იმას ვუყვებოდი იმათაც. თამაზი რომ ცოცხალი აღარ იყო, ღრომშივე მითხრეს ეგ. ფოტოები, ვიდეოები გადამიღეს, გამთენიისას წამიყვანეს ცხინვალში და ოსებს გადამცეს.

ცხინვალში ზედმეტი სიტყვა არავის უთქვამს, პირიქით, წყალი ხომ არ გინდაო, სიგარეტი ხომ არ გინდაო. იქაც დაკითხვები იყო და სულ მამეორებინებდნენ ერთსა და იმავეს. დღეში ოთხჯერ და ხუთჯერ გავყავდი.

ჯერ სარდაფში ვყავდი, მაგრამ მერე ამომიყვანეს, ფანჯარა მაინც იყო და დაღამება-გათენებას ვიგებდი. მეგონა, რომ დიდხანს ვეყოლებოდი უფრო.

ხომ ვიცოდი ახლა აქ რა ამბავი იქნებოდა, სახლში თუ გარეთ. ვნერვიულობდი. საათი ვიკითხე ერთხელ და რა იყო, გეჩქარება სადმეო? დაწექი, დაიძინეო.

9 ნოემბერს შემოვიდა ერთი, ხელი მომაწერინა რაღაცაზე, შენი ჩვენებააო. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ გაგიშვაო. არაფერი მაქვს შენი საწინააღმდეგოო. ერთ საათში სხვა ადამიანი შემოვიდა და აიღე შენი ნივთები, გადიხარო. ცხინვალიდან ოსებმა გადმომიყვანეს, საოკუპაციო ხაზთან რუსებს გადამაბარეს და რუსებმა გადმომცეს ქართველებს. მოსაყოლად ეს ყველაფერი უფრო ადვილია”, – იხსენებს ლევან დოთიაშვილი.

პირველ რიგში ცოლს დაურეკა. ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად ეს ინერვიულებდაო, ამბობს. ოჯახში, კირბალში, სახლში 10 ნოემბერს დილით დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც მთელი ღამე ლევანს უკვე ქართული მხარე კითხავდა. 

ლევანი 33 წლისაა. მისი მეუღლე სოფო 31 წლის. 12 წლის მარიამი და 7 წლის გაბრიელი ჰყავთ. ოჯახი იხსენებს, როგორ გაიგეს მომხდარის შესახებ და რომ სასწრაფოს მანქანას, რომელსაც თამაზი გადაჰყავდა, ისე მიყვებოდნენ უკან, არც იცოდნენ, შიგნით ვინ იყო, ვინ დაჭრილი იყო, ვინ საღ-სალამათი. 

“ეზოში გავიხედე საღამოს და უცნაური მოძრაობა იყო სოფელში. 6 საათი იქნებოდა დაახლოებით. დიდი მანქანები ტრიალებდნენ. პოლიციის მანქანებიც. რომ ვიცი, რომ ჩემი მეუღლე გარეთაა, ისედაც უფრო მეტად ვნერვიულობ. გავვარდით ყველა, ჯერ ჩემი მამამთილი გავიდა, ჩვენც მივყევით. ბავშვებიც თან მყავდა. მივხვდით, რომ რაღაცა კარგი არ ხდებოდა. მივედით, სადაც სასწრაფოს მანქანა და პოლიცია იდგა. იქ გავიგეთ, რომ ლევანს და თამაზს შეემთხვათ რაღაც. გაჰყევით სასწრაფოს უკანო. მივხვდით, რომ რომელიღაც დაჭრილი იყო, მაგრამ არ ვიცოდით, რომელი. გზაში გავიგეთ. ჩვენ უკვე ადგილობრივმა პოლიციამ გვითხრა, რომ ლევანი გატაცებული ჰყავდათ.

მომდევნო დღეები გაუსაძლისი იყო. ტელევიზიით გავრცელებული მასალებიდან გავიგეთ, რომ უშვებდნენ”, – გვიყვება სოფო ანდრიაძე, ლევან დოთიაშვილის მეუღლე.

ლევან დოთიაშვილი ცოლთან, სოფო ანდრიაძესა და შვილებთან ერთად © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

თამაზ გინტურის ძმა გვეუბნება, რომ ოკუპანტებისგან სოფლის მაცხოვრებლების გატაცება ხშირი ამბავია. კირბალში 180 კომლი ცხოვრობს და 2008 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 100 ადამიანი გაუტაციათ აქამდე, მაგრამ მკვლელობა პირველად მოხდა. სოფელში იხსენებენ, რომ 2008 წლის აგვისტოშიც კი, სოფელში არაფერი მომხდარა. არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ვერსია, რა დგას ამ მკვლელობის უკან, ოჯახისთვის ცნობილი არ არის.

“ოსებთან ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონია. არც ჩვენ და სხვებს ახლო-მახლო. ერთმანეთის ჭირსაც ვიზიარებდით და ლხინშიც დავდიოდით. არც აგვისტოს ომის დროს მომხდარა აქ რამე. რუსები ხომ მოითხოვენ, თუ ვინმე აქ არის დაკავებული მაგათი მოქალაქე და დამნაშავე და ხომ გადასცემენ ხოლმე. ეგრე მოვითხოვ მე, რომ ჩემი ძმის მკვლელები საქართველოს გადმოსცენ და საქართველომ გაასამართლოს. იქნებიან მართლები? გაუშვან!” – გვეუბნება მოკლული თამაზ გინტურის ძმა, კოლა.

სოფლის მაცხოვრებელთა განწყობა ერთგვაროვანია. გინტურებში სამძიმარზე მოსული თანასოფლელები ერთმანეთში გაღიზიანებით საუბრობენ, რომ ლომისას არ დათმობენ.

“ლომისა ჩვენია და ჩვენი იქნება, სულ რომ შევეწიროთ. რომ გამოდიან ვიღაცები და ამბობენ, მთვრალები ადიანო. ყველა ავდივართ. ქალებიცა, ბავშვებიცა და კიდევაც ავალთ. ლომისა რომ დავთმოთ, აქამდე ჩამოვლენ და სოფელსაც დაგვათმობინებენ. თან არსად არაფერია, საზღვარი რომ ეტყობოდეს. რა იცის ან მწყემსმა და ან ძროხამ, სად გადის ზღვარი. გამოექცევა მწყემსს ძროხა, დავუშვათ. აქვს მწყემსს იმის საშუალება, რომ პატრონს ძროხის ფული გადაუხადოს თუ დაკარგავს? გაეკიდება ისიც ძროხას. უეჭველად რომ იცოდეს, დაიჭერენ, მაინც გაეკიდება, რომ უკან მოაბრუნოს. ორი მეტრით გადასცდება ამათ ვითომ საზღვარს, სტაცებენ ხელს, ან კიდევ აქეთ გამოეკიდებიან. ასეა უმეტესობა გატაცებული. ჰოდა, რას გეტყვი, იცი? ეგენი რომ აქ გვიდგანან, ეგ უფრო მამაგრებს აქ, რომ ცოცხალი თავით ფეხს არ ვიცვლი. განა წასასვლელი არა მაქვს? მაგრამ მერე რა, რომ ქალი ვარ. ლაჩარივით კი არ წავალ აქედან”, – გვეუბნება ციცო საათაშვილი. გინტურების მეზობელი და ლევან დოთიაშვილის ნათესავი.

ციცო საათაშვილი © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი, რომლის წინაც თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს, აღდგომის მეშვიდე კვირიდან მესამე დღეს სოფლის მთავარ დღესასწაულს, დღეობას, ლომისობას მასპინძლობს. ეკლესიის კარი 2023 წლის ზაფხულში აჭედეს რუსმა ოკუპანტებმა. აგვისტოს ომის მერე სოფლის მოსახლეობა იქ ასვლას აქამდე მაინც ახერხებდა. 

“არ გააღიზიანოთო, ომი გინდათო. ომი რომ მინდოდეს, ჩავუსაფრდები, ძაღლსაც მოვუკლავ და ერთ-ორ სალდათსაცა. ვის უნდა ომი?! მაგრამ რაც მეტს დაუთმობ, მით უარესს იზამენ ეგენი”, – მსგავს სიტყვებს არაერთი ადამიანისგან მოისმენთ, გინტურების ეზოში ერთმანეთს ტკივილს, ბრაზს რომ უზიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი