ახალი ამბები

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე

23 ნოემბერი, 2023 • 1161
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 495-მა დეპუტატმა, 7 იყო წინააღმდეგი, 50-ს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ევროპარლამენტმა კენჭი უყარა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების („ევროპის სახალხო პარტია“, სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი, Renew Group, მწვანეები, კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი) დეპუტატების ერთობლივ პროექტს. მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი:

    1. კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას; უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახებს; მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ; მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემას;
    2. იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონებში უკანონო „ბორდერიზაციას“ და „პასპორტიზაციას“; მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა საქართველოდან; მოუწოდებს [ევროკავშირს] სადამკვირვებლო მისიის ადეკვატური დაფინანსებისა და შესაძლებლობების გაზრდისკენ;
    3. ითხოვს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას; მოუწოდებს საბჭოს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე;
    4. გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას; ხაზს უსვამს, რომ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
    5. ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტსა და რუსეთის ხელისუფლებას.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი