ახალი ამბები

პრეზიდენტი გალში ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ეხმაურება

10 დეკემბერი, 2023 • 1095
პრეზიდენტი გალში ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის ცემას და გარდაცვალებას ეხმაურება.

„ადგილობრივი მილიციის მიერ სასტიკი ცემა, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის თემურ კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. სამწუხარო [ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან] 75 წლის იუბილე!“ — წერს პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

9 დეკემბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის სიკვდილთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი