ახალი ამბები

“პროტესტი გრძელდება” – ვარლამ გოლეთიანი გაათავისუფლეს

19 ნოემბერი, 2023 •
“პროტესტი გრძელდება” – ვარლამ გოლეთიანი გაათავისუფლეს

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი, ვარლამ გოლეთიანის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი და კიდევ 7 დაკავებულის სასამართლო პროცესი 29 ნოემბრამდე გადაიდო. მათ შორისაა, “მაუწყების” ჟურნალისტი, რატი რატიანი. კიდევ სამი დაკავებულის სხდომა ამ დრომდე გრძელდება.

“პროტესტი, ჩვეულებრივ, გრძელდება. არავის არ ეგონოს, რომ ვიშლებით, ან ეს დაჭერა რამე თვალსაზრისით იმოქმედებს პროცესზე. ჯერჯერობით, ეს გათავისუფლება არის დროებითი. სასამართლო სხდომა არის 29-ში ჩანიშნული და რა შედეგი მოჰყვება, გაირკვევა 29-ში.

ახლა გადავინაცვლებთ სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგვაკავეს და ჩვეულებრივ გაგრძელდება პროტესტი”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კარვის გაშლის საშუალება ისევ არ მიეცათ, ცოცხალ კედელს მოაწყობენ გარემოს დაცვის სამინისტროს შესასვლელთან – “წვიმის, ქარის და კლიმატის არ გვეშინია. დავდგებით, რა პირობებიც არ უნდა იყოს”.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა კობესაშვილის ინფორმაციით, სხდომები დაცვის მხარის შუამდგომლობის შედეგად გადაიდო.

“მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია და შესაბამისდ, უნდა მოგვეცეს იმის საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს თავისი დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა. მოსამართლემ გააერთიანა 8 დაკავებულის საქმე, გადადო სასამართლო და დაავალა დამკავებელ ორგანოს, რომ წარადგინოს ვიდეო-მტკიცებულებები.

დღეს დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში წარმოადგინა დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ყველანაირი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე. ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკიცებულებებს ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ეს [დაკავება] იყო სიტყვის და გამოხატვის შეზღუდვა”, – განაცხადა იურისტმა.


ვარლამ გოლეთიანი, რაჭის ტყეების შესახებ პროტესტის მონაწილე სხვა 10 პირთან ერთად გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა დაძაბულობა, რაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეთა არშეშვებას და კარვის გაშლის უფლების არმიცემას. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ დაუზიანა რაჭიდან ჩამოტანილი დიდი კარავი და მისი ნაწილები წაართვა. სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლის ის ალტერნატივა კი, რაც შესთავაზეს პროტესტის მონაწილეებს, ამ უკანასკნელთა შეფასებით, ვიწრო, ციცაბო, ტალახიანი შესაძრომია. როგორც მათდამი დამამცირებელ მოპყრობაზე, პროტესტის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს და ცენტრალური შესასვლელიდან გადაადგილების უფლება მოითხოვეს.

11 პირის დაკავების შემდეგ, როცა გამოირიცხა სამინისტროს ეზოში კარვის გაშლაც, შესასვლელთან ახლოს მცირე კარვის გაშლის უფლებაც შეხლა-შემოხლის ფონზე მოიპოვეს პროტესტის მონაწილე ქალებმა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი