ახალი ამბები

თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში რეზოლუციაა წარდგენილი – რა წერია დოკუმენტში

22 ნოემბერი, 2023 • 1197
თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში რეზოლუციაა წარდგენილი – რა წერია დოკუმენტში

დღეს, 22 ნოემბერს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართება დეპუტატების ჯგუფის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში თამაზ გინტურის მკვლელობას.

თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები  და რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა.

„საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში“ – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკვე ასახულია ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

რეზოლუციის შეთავაზებული ტექსტი შვიდი პუნქტისგან შედგება:

  • ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან;
  • აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პატიმრობაში დაღუპვის რამდენიმე საქმე კვლავ არაა გამოძიებული;
  • მოუწოდებს საოკუპაციო ძალების მიერ კვლავაც დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისკენ;
  • კვლავ გმობს საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და რუსეთის საგარეო უწყების მოწოდებებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ფორმალური დემარკაციის შესახებ; გმობს უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როცა უკანონო ოკუპაციამ კიდევ ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა;
  • კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით საერთაშორისო ვალდებულებები – კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ძალის გაყვანაზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაარსებაზე;
  • მოუწოდებს ევროკავშირს, მეტი ძალისხმევა გაწიოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისკენ მიდის; მოუწოდებს ევროკავშირს, ეფექტურად გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი, მათ შორის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია; მიესალმება უკანასკნელის წარმომადგენლობის ზრდას ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან;
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტს – გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროპულ საბჭოს, ევროკომისიას, წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს, ევროკავშირს, გაეროს და ეუთოს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას და რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა.

გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი