445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა.

რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 23 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ სერიოზული ეჭვები გააჩინა საკონსტიტუციო დავის პროცესში მათი დამოუკიდებლობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები იძულებულნი გახდნენ, დაეხურათ თბილისის ოფისები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე მათი პროექტის დაფინანსების განაცხადები უარყო.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავაა ნახსენები საქართველოში იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებდნენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.

რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა დებატები საქართველოს შესახებ. საქართველოს საკითხი, ისევე როგორც ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანსა და აზერბაიჯანში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში განიხილეს. დებატების და რეზოლუციის ინიციატორი „ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე, სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) პოლიტიკური ჯგუფია.

ამ თემაზე: