ხვალ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება.
ამჯერად  ევროპარლამენტის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა.

რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ნეტგაზეთი გაეცნო, მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას.

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მცირდება დემოკრატია, მედიის თავისუფლება, ილახება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც სულ უფრო შეუთავსებელია ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან, კოპენჰაგენის კრიტერიუმების ჩათვლით.

„2025 წლის ნოემბერში, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“. მოგვიანებით სარჩელს „ფედერალისტებიც“ დაემატა, ხოლო 2026 წლის სექტემბერში სიაში შეიყვანეს „საქართველოსთვის“ — ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამჟამად კვლავ პარლამენტშია წარმოდგენილი. ამით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიცია ნადგურდება.

ეს პროცედურები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ფართო სტრატეგიული მიდგომის ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევისკენ პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით — რუსეთისა და ბელარუსის მოდელის მიხედვით, რაც ემსახურება კრემლის მიზანს, საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცის მიღმა დატოვოს“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 23 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ სერიოზული ეჭვები გააჩინა ამ პროცესში მათი დამოუკიდებლობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ კონრად ადენაუროსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები იძულებულნი გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე მათი პროექტის დაფინანსების განაცხადები უარყო.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავაა ნახსენები საქართველოში იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებდნენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი:

  • მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას; ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონირებადი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუცვლელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო მექანიზმებით აღმოფხვრა შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ასუსტებს რეჟიმის წინა ნარატივს, თითქოს ის მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფ“ პარტიებს უმიზნებდა;
  • მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას და მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, აგრეთვე პოლიტიკურად მოტივირებული „დივერსიის“ ბრალდებების მოხსნას;
  • მოითხოვს იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც აწესებს არაპროპორციულ შეზღუდვებს აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პარტიებსა და პირებზე; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოითხოვს დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლა;
  • წუხილს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი ნაკლებობის გამო, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალური შედეგები საქართველოში მუდმივად მძიმედ მზარდი ვითარების ფონზე; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მოთხოვნას მიზნობრივი სანქციებისა და ვიზებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ;
  • კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ; იხსენებს თავის მუდმივ გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რაიმე სახის სვლას;
  • ავალებს თავის პრეზიდენტს, გადასცეს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.

რეზოლუციის მიღებამდე, დღეს, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში,  საქართველოსა და ირანის შემთხვევებზე იმსჯელებენ.

კერძოდ, დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები იმსჯელებენ ორ საკითხზე:

1. ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანში, კერძოდ, ტარანე რაჰიმისა და ლეილა აბოლჰასანის საქმეები;
2. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში.