ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

არჩევანი ბიჭების სასარგებლოდ – სელექციური აბორტები აზერბაიჯანში ისევ აქტუალურია

22 ნოემბერი, 2023 • 1851
არჩევანი ბიჭების სასარგებლოდ – სელექციური აბორტები აზერბაიჯანში ისევ აქტუალურია

ავტორი: ნიკა მუსავი


“აზერბაიჯანი მსოფლიოში უკვე პირველ ადგილს იკავებს ერთ სულ მოსახლეზე სელექციური აბორტების რაოდენობით, რომელმაც წლების წინ ამ სიის ლიდერ ქვეყანას – ჩინეთსაც კი გაუსწრო”, – ამის შესახებ განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ფარიდ ბაბაევმა. 

იმის გათვალისწინებით, რომ დიდი გენდერული დისბალანსი საზოგადოებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამ საშიშ ტენდენციასთან ბრძოლა სახელმწიფოს საქმე გახდა. 

მსოფლიოში, ახალშობილთა გენდერული თანაფარდობის ნორმად 100 გოგონა 106 ბიჭზე მიიჩნევა. აზერბაიჯანში 100 გოგონაზე დაახლოებით 112-115 ბიჭი იბადება. მსგავსი თანაფარდობის მიზეზს სპეციალისტები მხოლოდ და მხოლოდ სელექციურ აბორტებში ხედავენ.

ფარიდ ბაბაევის აზრით, სელექციური აბორტების ეპიდემიის “მკურნალობის” ფარგლებში საჭიროა არა მხოლოდ საზოგადოებაში საგანმანათლებლო მუშაობის გაძლერება, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. 

თუმცა ამით ბაბაევმა საზოგადოებას, ზოგადად, პრობლემა შეახსენა და არა ახალი ამბავი ამცნო. ის, რომ აზერბაიჯანი მსოფლიო რეკორდსმენია სელექციურ აბორტებში, ჯერ კიდევ 2022 წლიდანაა ცნობილი და ქვეყანა წინა წლებშიც იყო აღნიშნული სიის ერთ-ერთი ლიდერი.

რთული არაა მიხვდე, რომ სელექციური აბორტების ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება პატრიარქალურ საზოგადოებას. როგორც წესი, ქალების უმრავლესობა სელექციურ აბორტს ქმრის ან მისი ოჯახის ზეწოლით იკეთებს, რომელთაც უნდათ შვილი ბიჭი, შვილიშვილი ბიჭი, “მემკვიდრე”, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაფერია საანდერძო ქონება. ამასთან, თავად ქმრებზე ზეწოლას ახდენს საზოგადოების აზრი, რომ ბიჭის ყოლა კაცის კეთილდღეობის მთავარი მაჩვენებელია. 

“მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის” შესახებ კანონის შესაბამისად, საკუთარი სურვლით, ჩვენების გარეშე აბორტის გაკეთება ქალს მხოლოდ ორსულობის 12 კვირამდე შეუძლია. ამ ვადაზე სქესის განსაზღვრა ჯერ კიდევ რთულია. უფრო გვიან ვადებზე კი ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით ან სოციალური მიზეზებითაა დაშვებული. გოგო შვილის ყოლის სურვილის არქონა კი აქ მიზეზად ვერ დასახელდება. 

2020 წელს მინისტრთა კაბინეტმა მიღებული ბრძანებით საერთოდ აუკრძალა ექიმებს, მშობლებს მომავალი შვილის სქესის შესახებ ამცნონ. თუმცა ნათლად გვაჩვენებს, რომ ციფრები, სტატისტიკა, კანონები და აკრძალვები არ მუშაობს.

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილის, რენა აბდულაევს თქმით, სელექციური აბორტების ჩატარებაზე კონტროლის გაძლიერება მთავრობის მიერ დამტკიცებული “2020-2025 წლებში ბავშვის სქესის წინასამშობიარო არჩევანის ამკრძალავი ღონისძიებათა გეგმის” ერთ-ერთი პუნქტია [ეს გეგმა, ასევე, ქალების დასაქმებას და მათი საზოგადოებრივი როლის გაზრდას, ახალგაზრდა მამების ტრენინგებს, საგანმანათლებლო მუშაობას და ა.შ. ითვალისწინებს]. 

“ექიმები მუდმივად არღვევენ ამ წესებსა და აკრძალვებს. ვიღაც ექიმი ქრთამით აკეთებს აბორტს, ვიღაც უბრალოდ “შედის ოჯახის მდგომარეობაში” და დათმობაზე მიდის. თუმცა, ყველა შემთხვევაში, აბორტები კეთდება, რადგან სამედიცინო პერსონალმა იცის, რომ ისინი ამისთვის არ დაისჯებიან”,- ამბობს გენდერის საკითხების მკვლევარი, სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა.

უკანასკნელ პერიოდში სელექციური აბორტებს ზრდას მკვლევარი ორ ფაქტორს უკავშირებს: 

პირველ რიგში, აზერბაიჯანული საზოგადოება კიდევ უფრო პატრიარქალური გახდა, ომის შემდგომმა განწყობებმა კი, ამ მხრივ,  მეტად გააღრმავა მდგომარეობა: – “ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ყველა მხრიდან აგიტაცია, რომ “ქვეყანას ბიჭები სჭირდება”, ასევე მოქმედებს ზოგიერთი მშობლის არჩევანზე”. 

რაც შეეხება მეორე მიზეზს, მკვლევარი ამას მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალურ და ეკონომიკურ დაუცველობას უკავშირებს. 

“დღეს აზერბაიჯანში ცოტაა ისეთი ოჯახი, ვინც ორი შვილზე მეტის ყოლის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. ამავე დროს, მომავალი მშობლები დარწმუნებული არიან, რომ შვილი მათ “სიბერეში მიხედავს”. ამ მხრივ, ბიჭი შვილის ყოლა უფრო “რაციონალურად” მიაჩნიათ. 

რანა აბდულაევა მიიჩნევს, რომ სელექციური აბორტების პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია აკრძალვების გზით, თუმცა საჭიროა მოსახლეობის გადარწმუნება ან ფინანსური წახალისება – უხეშად რომ ვთქვათ, გოგონას გაჩენისთვის მშობლებს გადაუხადოს სახელმწიფომ ფული, რათა გოგონას გაჩენა ფინანსურად მომგებიანი იყოს.

რამდენიმე წლის წინ მაღალჩინოსნები განიხილავდნენ ფინანსური დახმარების შესაძლებლობასაც, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ იდეა მთლად გონივრული არაა. 

აზერბაიჯანში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში, სადაც პატრიარქალურ ოჯახებში ჩანასახშივე დისკრიმინირებულია ქალი, გოგოს დაბადება არც არის სასურველი.

“ვთქვათ, ასეთ ოჯახში გოგოს დაბადება მაინც დაუშვეს. რა ელოდება მას იქ? როგორც კი წამოიზრდება, მამა ან ძმა ქორწინების მიზნით მას ვინმე მოძალადეს “მიჰყდის”. საუკეთესო შემთხვევაში კი, თუ მას ფიზიკურად არ მოკლავენ ასეთ ოჯახში, მის ბავშვობას, ახალგაზრდობას, ჯანმრთლობას, სულსა და ოცნებებს მაინც ჩაკლავენ”, – წერს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის მოქალაქე. 

თუმცა სელექციურ აბორტებთან ბრძოლა სახელმწიფო დონეზე არა იმდენად იმისთვის იწარმოება, რომ გოგონებს სიცოცხლის უფლება მიეცეთ, რამდენადაც – ზოგადად, საზოგადოების კეთილდღეობისთვის. 

როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს,  საზოგადოებაში კაცების დიდი სიჭარბე [რაც ასეთი ტემპებით 2050 წლისთვის ემუქრება აზერბაიჯანს], დანაშაულის, ძალადობის, პროსტიტუციის, გენდერული უთანასწორობის გაძლიერებისა და ა.შ. საფრთხეებს მოიცავს. მთავრობის ძალისხმევაც სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ მსგავსი სცენარი აიცილოს ქვეყანამ. 

მართალია, ეს ძალისხმევა დიდწილად უშედეგოა. ისევე, როგორც სხვა გენდერული საკითხების პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული მუშაობა [ან მუშაობის იმიტაცია] – ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, იძულებითი და ნათესავებს შორის ქორწინება, რომელიც ცხოვრებას უწამლავს გოგონებსა და ქალებს. ყოველივე ეს, სელექციური აბორტების ჩათვლით, ერთი დიდი პრობლემის სხვადასხვა გამოვლინებაა. 

გენდერული თანასწორობის 2023 წლის გლობალურ რეიტინგში აზერბაიჯანი 146 ქვეყანას შორის 97-ე ადგილზეა. საქართველო – 76-ე, სომხეთი – 67-ე. საინტერესოა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში აზერბაიჯანისა და საქართველოს რეიტინგები რამდენიმე პუნტით ჩამოქვეითდა, ხოლო სომხეთის – პირიქით. გენდერულად ყველაზე დაბალანსებული ქვეყანა ამავე რეიტინგით ისლანდიაა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი