ახალი ამბებისაზოგადოება

“ქულების დაწერის მიზანი აქვთ” – მინისტრი რაჭის პროტესტზე

20 ნოემბერი, 2023 • 1659
“ქულების დაწერის მიზანი აქვთ” – მინისტრი რაჭის პროტესტზე

მესამე დღეა, მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” პროტესტის უფლების მოპოვებას ცდილობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. პროტესტის მონაწილეებს ამ დრომდე არ აძლევენ საშუალებას, რომ სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ კარავი გაშალონ, სადაც ღამის გატარებასა და წვიმისთვის თავის შეფარებას შეძლებენ.

20 ნოემბერს პროტესტს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. მთავრობის კანცელარიაში მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად სამინისტროს წინ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც მივიდა, რომელიც ამბობს, რომ კონსტიტუციითაა გარანტირებული უფლება პროტესტის გამოხატვის, თუ გამოხატვის პროცესში არ ირღვევა კანონი – კერძოდ, არ ფერხდება უწყების მუშაობა და მასში შესვლა-გამოსვლა.

სახალხო დამცველის პროტესტის მონაწილეებთან მისვლამდე, მინისტრმა შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროტესტის საჭიროება არ არსებობს და პროტესტის მონაწილეებს, “ალბათ, გარკვეული ქულების დაწერის მიზანი” აქვთ, თუმცა მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლებაც და “ამაში ხელს არავინ შეუშლის”.

“როგორ მოაფიქრდათ ეს საერთოდ? როგორც უნდა დაიწეროს ჩვენნაირმა ხალხმა ქულები? ვისთან უნდა დავიწეროთ? როგორ იმართება ეს ქვეყანა საერთოდ, თუ ასე აზროვნებს ეს ხალხი?” – ეხმაურება მინისტრის განცხადებას მარიტა მუსელიანი.

მინისტრმა შამუგიამ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, რამდენად დატვირთული იყო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის” რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 49 წლით გადაცემული ლიცენზია. თუმცა მინისტრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ “დაწყებულია პროცედურა ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის და არსებობს წინაპირობები საამისოდ”.

“ჩვენ ვხედავთ ესკალაციას სამინისტროსთან. ამ ამინდში სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში. ეს მათი არჩევანია. მოვუწოდებ, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას [ლიცენზიის შესახებ], რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოს. შეიკავონ თავი ამ არასაჭირო პროტესტისგან. თუმცა მათ აქვთ უფლება, რომ გამოხატონ პროტესტი, რა ფორმითაც მათ სურთ, და არავინ ამას ხელს არ შეუშლის”, – განაცხადა მინისტრმა შამუგიამ.

ბრიფინგს ეხმაურება ვარლამ გოლეთიანიც და პირდაპირ ეთერში ავრცელებს მოწოდებას მინისტრისადმი.

“მოვუწოდებთ მინისტრს, ბრიფინგებით და ბრიფინგებზე ასეთი პასუხებით რომ არ ვიურთიერთოთ: თუ პროტესტის უფლება გვაქვს, მისცეს განკარგულება პოლიციას, რომ შეგვიშვან ეზოში და გავშალოთ კარავი. განიმუხტება ამით სიტუაცია. თვითონაც ხომ ამბობენ, რომ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი მზადდება? ჩვენ ფეხს ვერ მოვიცვლით აქედან, სანამ ლიცენზიის გაუქმებას ქაღალდზე არ ვნახავთ”, – ამბობს გოლეთიანი.

შაბათს, 18 ნოემბერს, პროტესტმა რაჭიდან თბილისში გადმოინაცვლა და პროტესტის მონაწილეები ჩამოსვლის მომენტიდან ითხოვენ სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე კარვის გაშლის შესაძლებლობას. მათი მოთხოვნის საპასუხოდ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი და “მაუწყებლის” ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. დაკავებულები კვირას გამოუშვეს და სასამართლო პროცესები თვის ბოლოს ჩაინიშნა. დაკავებულთა ინტერესების დამცველები აღნიშნავენ, რომ დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა — მათ პოლიციისთვის არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და არც დაუმორჩილებლობლა ყოფილა, რასაც პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ედავება.

უფრო ვრცლად, როგორ დახვდა პროტესტს თბილისში სამინისტრო და სამინისტროსთან მობილიზებული პოლიცია, იხილეთ აქ:

მოძრაობის წევრებმა მინისტრის განცხადებები და ფაქტობრივი გარემოებები სახალხო დამცველთან შეხვედრისასაც განიხილეს.

“საკითხის გადაწყვეტა ხანგრძლივი პროცესია. ვცივდებით და არაა უსაფრთხო აქ გზის პირას დგომა და ღამის თენება. ჯერ ჩვენი აქ ყოფნა უნდა იყოს უსაფრთხო. ჩვენ არაფრის ბლოკირებას არ ვაპირებთ — არც შენობის და არც შესასვლელის. გარეთ გავშლით კარავსო, რომ ვთქვით, ამას მოჰყვა ის, რომ ფიზიკური დაზიანებები აქვთ ქალებს, ზოგს კბილი აქვს ჩამოვარდნილი და ზოგს — ყელზე დაზიანებები. გუშინ შეგნებულად ჩვენ თვითონ შევიკავეთ თავი და აღარ შევედით კონფრონტაციაში. ვხედავთ, რომ უკიდურესად აგრესიულია მოწინააღმდეგე მხარე. პროტესტის საშუალებაც არ გვეძლევა”, — უთხრა ვარლამ გოლეთიანმა ლევან იოსელიანს.

20 ნოემბერს, ძლიერი წვიმის პირობებში, პროტესტის მონაწილეებს სამინისტროს ტერიტორიაზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევდა იმის საშუალებასაც კი, რომ პოლიეთილენის დიდი ნაჭერი თავზემოთ ხელით დაეჭირათ ან რამეზე დაემაგრებინათ.

“გვერდს თუ დაუხურავთ, უკვე კარავია და ამის უფლებას ვერ მოგცემთო. იგივეა, ქოლგის დაჭერის უფლება რომ მომცენ ან არ მომცენ”, – ამბობს გოლეთიანი იოსელიანთან.

იოსელიანი პროტესტის მონაწილეებთან ყოფნისას ესაუბრა ტერიტორიაზე მობილიზებული პოლიციის წარმომადგენელთა შორის რანგით უფროსს. საუბარი ეზოს ღობის მიღმა შედგა. მათთან მიახლოების უფლება პოლიციამ არ მისცა არც ვარლამ გოლეთიანს, არც სახალხო დამცველის ფოტოგრაფსა და აპარატის წარმომადგენელს. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გადასცა ინფორმაცია პოლიციას, რა მოთხოვნები აქვთ პროტესტის მონაწილეებს პროტესტის წარმართვასთან დაკავშირებით — კარვის გაშლა სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე, შენობისგან კანონით განსაზღვრულ დისტანციაზე. სახალხო დამცველსაც უპასუხეს ის, რასაც მესამე დღეა, აქტივისტებს ეუბნებიან – “გადავცემთ ხელმძღვანელობას და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას”.

იოსელიანი და მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” შეთანხმდნენ, რომ მოძრაობა სახალხო დამცველის აპარატსაც გაუგზავნის ყველა იმ დოკუმენტაციას და მტკიცებულებას, რაც მათი შეფასებით, უკანონოს ხდის ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემულ ლიცენზიას. სახალხო დამცველმა მოძრაობის ფეისბუკგვერდით მიმდინარე პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მისი აპარატი შეისწავლის როგორც ლიცენზიის გაცემისას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების საკითხს, ისე მისი გაუქმების პირობებსაც, ასევე, პროტესტის მონაწილეთათვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობას.

“ობიექტურ შეფასებას დავდებთ აუცილებლად. მოვიკვლევთ თქვენი დაკავების კანონიერებასაც ”, — ამბობს იოსელიანი.


მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.

15 ნოემბერს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიცენზიასა და მის მფლობელ კომპანიას ყიდდა. იმავე საღამოს გაავრცელა გარემოს ეროვნულმა საგენტომ განცხადება, რომ “სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით”.

გოლეთიანის თქმით, სახელმწიფო ამბობს, რომ ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება არ არსებობს და არ აღიარებს ამ დარღვევას.

“ლიცენზიას ხელისუფლება ყოველთვის იცავს და ამბობს, რომ ეს კარგი ლიცენზიაა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჰგონიათ, რომ ლიცენზიის პრობლემა მხოლოდ ხიდაშელის პერსონაა, საზოგადოება მხოლოდ ამაზე რეაგირებს, რაკი ის რუსეთთან დაახლოებული პირია, ჩაანაცვლებენ მას სხვა პერსონით და ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა შევყვეთ ამ თამაშში. ეს მათი მოედანია”, – ამბობს გოლეთიანი.

პროტესტის მონაწილეები იმეორებენ, რომ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი უკვე არსებობს მოსახლეობის გვერდის ავლით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ლიცენზია იმთავითვე უკანონოდ არის გაცემული.

“ნურავინ შევჭამთ, ბოდიში ამ სიტყვაზე, იმას, რომ ხიდაშელი მართლა კონფლიქტშია ხელისუფლებასთან, გარბის და თითქოს ლიცენზიაც გაუქმდება. ლიცენზია არ უქმდება. ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ვიღაც კერძო პირს ნახევარი საუკუნით გადასცენ რეგიონი, 105 000 ჰექტარი, ხალხთან შეთანხმების გარეშე”, – ამბობს გოლეთიანი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა პროტესტის მონაწილეებთან ამბროლაურში შეხვედრისას აღნიშნა, რომ ინფორმაცია აუქციონის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და რეგისტრაციის დაწყებამდე “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა. პროტესტის მონაწილეები მსგავს ზომებს უბრალო ფორმალობად აფასებენ და მოსახლეობის რეალური ჩართულობისთვის ყველა პროცესის განულებას და მათთან კონსულტაციებით თავიდან დაწყებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი