ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდის რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიას და კომპანიას, რომელიც ლიცენზიას ფლობდა. ინფორმაციას ნეტგაზეთთან თავად ბიზნესმენი ადასტურებს.
ხიდაშელი მუქარად აფასებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ლიცენზიის გადახედვა განიხილება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმე არა მათი მხრიდან პირობების შეუსრულებლობაში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებშია.
“სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც დავით ხიდაშელი ადასტურებს, რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების, ასევე რეპუტაციის შელახვის გამო გაყიდა. ხელშეკრულება გაფორმების პროცესშია. Მომდევნო კვირაში კი ცნობილი გახდება, რომ “რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; ასევე გახდება მეწილე სხვა ქართული კომპანიაც”, – ავრცელებს ინფორმაციას ხიდაშელი.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, – აცხადებს ხიდაშელი ნეტგაზეთთან მიმოწერაში.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ არც ხიდაშელს, არც მის კომპანიას სამინისტროსთვის არ მიუმართავს და მისი გეგმების შესახებ ინფორმირებული არ არიან.
მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს ლიცენზია, როგორც ყველაზე ბოლოს გაცემული 15-მდე მსგავს ლიცენზიას შორის, ვალდებულებებით ყველაზე მეტად არის დატვირთული. ფინანსურად მეტ ინვესტიციას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის მეტ განვითარებას, ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების გამრავლებას და სხვა პირობებს გულისხმობს.