ახალი ამბები

“ის დიქტატორია, მაგრამ პროგრესს მივაღწიეთ” — ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე

16 ნოემბერი, 2023 • 1187
“ის დიქტატორია, მაგრამ პროგრესს მივაღწიეთ” — ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე

15 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა შედგა. სამიტი კალიფორნიის შტატში, ვუდსაიდში ჩატარდა და დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს უკვე მეორედ, ბაიდენი სი ძინპინს დიქტატორს უწოდებს, ორივე მხრიდან ვრცელდება შეფასება, რომ ქვეყნებმა ურთიერთობებში წინ წაიწიეს და არაერთ შეთანხმებას მიაღწიეს.

თეთრი სახლის განცხადებით, “ორ ლიდერს შორის გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია შედგა, რომელიც მოიცავდა გლობალურ და ორმხრივი ინტერესის საკითხებს, მათ შორის, მიმართულებებს შესაძლო თანამშრომლობისთვის. ლიდერებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, რაზეც განსხვავებული პოზიციები აქვთ.” იგივე შეფასება ვრცელდება ჩინეთის სამთავრობო მედიაში, სადაც წერენ, რომ “კალიფორნია ახალი სასტარტო წერტილია, საიდანაც ჩინეთსა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა დასტაბილურდეს”. 

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტისას აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი ერთმანეთის კონკურენტები არიან. აშშ ყოველთვის დაიცავს საკუთარ და მოკავშირეების ინტერესებს, ღირებულებებს. თუმცა პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს აქვს მოლოდინი, აშშ და ჩინეთი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და, შესაბამისად, მართავენ ამ კონკურენციას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან სულაც- ახალ ცივ ომში.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა შეხვედრისას პროგრესს მიაღწიეს რამდენიმე საკითხში, მათგან ერთ-ერთი კი ორმხრივი თანამშრომლობის განახლებაა გლობალური მასშტაბით ნარკოტიკების, მათ შორის ფენტანილის მსგავსი სინთეტიკური ნარკოტიკების უკანონოდ წარმოებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ.

ბაიდენი და სი ძინპინი ასევე შეთანხმდნენ მაღალი რანგის სამხედრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განახლებაზე, აშშ-ისა და ჩინეთის თავდაცვის პოლიტიკის მაკოორდინირებელი მოლაპარაკებების, აშშ-სა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო საკონსულტაციო შეთანხმების შეხვედრების საჭიროებაზე.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერი ადასტურებს, რომ საჭიროა ხელოვნური ინტელექტის სისტემების მზარდ რისკებთან გამკლავება და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების გაუმჯობესება ორი ქვეყნის სამთავრობო მოლაპარაკებების გზით.

ბაიდენმა სი ძინპინთან სამიტზე მორიგჯერ დაადასტურა, რომ აშშ, სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და კვლავაც იზრუნებს, უკრაინა ომიდან გამოვიდეს, როგორც “დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი ერი, რომელიც თავად შეაკავებს მომავალში მის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და დაიცავს თავს. ბაიდენი შეეხო ისრაელი-ჰამასის კონფლიქტსაც და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ტერორიზმისგან თავის დაცვის მიმართულებით.

AP ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირად საუბარში ბაიდენმა მოუწოდა სი ძინპინს, გამოიყენოს საკუთარი გავლენები გლობალური მასშტაბით დაძაბულობის შესამცირებლად. განსაკუთრებით კი, სცადოს ზეწოლა ირანზე, რომ ამ უკანასკნელმა არ გააღრმაოს კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის. ასევე ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევისგან უკრაინასთან ომში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი სამიტის მსვლელობისას შეეხო ადამიანის უფლებების დარღვევას ჩინეთში. ტაივანთან მიმართებით კი დაადასტურა, რომ აშშ ერთიანი ჩინეთის მხარდამჭერ პოლიტიკას არ ცვლის. თუმცა პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ არსებობს პირობები, რა შემთხვევაშიც აშშ ტაივანს ჩინეთის თავდასხმიდან დაიცავს. 

ლიდერები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი მუშაობა კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ კრიტიკულ ათწლეულში. 

სამიტის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენს ჰკითხეს, კვლავ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, როგორც ამის შესახებ ერთხელ უკვე თქვა მიმდინარე წლის ივნისში.

“მისმინეთ, [სი ძინპინი] დიქტატორია იმ თვალსაზრისით, რომ ის არის ტიპი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას, ისეთი სამთავრობო წყობით, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენგან. თუმცა ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ”, — უპასუხა ბაიდენმა სიენენის ჟურნალისტს.

სიენენი წერს, რომ ეს რეპლიკა, სავარაუდოდ, პეკინის გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც ერთხელ უკვე მოხდა გასულ ზაფხულს, როდესაც ბაიდენმა მსგავსი კომენტარი გააკეთა. 

“მსგავსი კომენტარები ეწინააღმდეგება ფაქტებს, სერიოზულად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს, სერიოზულად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას”, — განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

სიენენი წერს, რომ დიდი ხანია, ბაიდენსა და სი ძინპინს თბილი პირადი ურთიერთობა აქვთ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები. 

“მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი modus operandi [ლათ. მოქმედების ხერხი], ჩამიხედავს მისთვის თვალებში. ჩვენ ვერ ვთანხმდებით რიგ საკითხებზე. ბევრ რამეზე მას ჩემგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს, მაგრამ ის პირდაპირი ადამიანია”, — აღნიშნავს ბაიდენი.

ჩინეთის სამთავრობო მედიაც ასევე გამოეხმაურა ოთხშაბათის სამიტს. “ჩინეთი არ გეგმავს, დაჯაბნოს და ჩაანაცვლოს აშშ. აშშ-მაც არ უნდა განიზრახოს ჩინეთის ჩახშობა და შეკავება”, — ჩინური სამთავრობო მედიის ინფორმაციით, განაცხადა სი ძინპინმა სამიტისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი