ახალი ამბები

სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – ელისაშვილი ბერაიას

13 ნოემბერი, 2023 • 1012
სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – ელისაშვილი ბერაიას

დღეს, 13 ნოემბერს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს.

ელისშვილის თქმით, სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ირაკლი ბერაია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ატარებს. მისი თქმით, სანამ ბერაია არ გადადგება, კომიტეტში ჯანსაღი სიტუაცია ვერ იქნება.

„ამ ოთახში განსაკუთრებით მიყვარდა ხოლმე მუშაობა, რადგან ოფიცრების ფოტოები კიდია, ძალიან ღირსეული ხალხის, ვინც ამ ქვეყანას ემსახურებოდა. პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ირაკლი, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება იყოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს! უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე, იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, აქ ვერ გაგრძელდება ჯანსაღად სიტუაცია, სანამ იქნები ამ თანამდებობას ჩაბღაუჭებული.

იცოდე, ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ, რომ სირცხვილია ყოველი დღე, როცა ატარებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. აქ უნდა იყოს ღირსება, არცერთ კომიტეტს ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ, ამ კომიტეტში, პირველ რიგში უნდა იყოს ღირსება და ეს უნდა იგრძნობოდეს. ახლა ეს არ იგრძნობა, დაკარგული აქვს შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაია“, – მიმართა ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას.

ალეკო ელისაშვილის პასუხად ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„მე ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე და დღესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო. რა თქმა უნდა, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესასაბამისად, ამ თემაზე მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ. ყველაფერი არის ნათქვამი.

ასევე, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ეს ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოვთხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან ვთვლი, რომ თქვენი აზროვნება და შეგნება ამას ვერ შეწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამის შემდეგ ირაკლი ბერაიამ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ ელისაშვილი კომიტეტის სხდომაზე აღარ დაბრუნებულა.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს. თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ირაკლი ბერაია არ გადადგება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი