ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევის პრინციპში ცვლილებები შედის

13 ნოემბერი, 2023 • 1076
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევის პრინციპში ცვლილებები შედის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევის პრინციპი იცვლება. ამასთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონში ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციით არის განპირობებული, რომელიც ითვალისწინებს კომინაკაციების კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდას.

ცვლილებების შემდეგ, მთავრობის მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად შეიქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც „დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით“. აღნიშნული კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას მართავს ყველა იმ კანდიდატთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკონკურსო კომისია, განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.

ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლშიც, რომელიც ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“.

განმარტებითი ბარათის თანახმად, „მიჩნეულია, რომ აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მეტისმეტად მკაცრია“. ამიტომ, კანონპროექტის ავტორების თანახმად, კომისიის წევრთა დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განისაზღვრება, რომ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არსებობს „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“

ასევე ცვლილება შედის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურაში. აღნიშნულ პროცედურას ემატება წესი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და კომისიის ის წევრი, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით წერილობით ან/და ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.


8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ბლოკის წევრ ქვეყნებს, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა იქვე არის დათქმა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე – მოლაპარაკებების გახსნაზე.

ერთ-ერთი პირობა კი საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გააუმჯობესებაა, მათ შორის კომუნიკაციების კომისიაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 27 ოქტომბერს აცხადებდა: „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოვისმინეთ მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის (კომუნიკაციების კომისიის) დამოუკიდებლობას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი